საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “რუსთავი2 -ის” წამყვანმა სიძულვილის ენა გამოიყენა. ამით ქარტია გოჩა უგლავას პოზიციას იზიარებს, რომელიც თვლის, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს, “პროფილში” მაია ასათიანმა დაბალი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი კაცები სიძულვილით მოიხსენია. უგლავამ ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა.
საუბარია გადაცემაზე, სადაც წამყვანი სტუმრებთან ერთად განიხილავდა თუ როგორი მამაკაცები მოსწონთ: „როგორ ბიჭს, მამაკაცს მიანიჭებდით ხარისხის სტიკერს“. ერთ – ერთმა სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის გარეგნობას მნიშვნელოვანი არაა, რასაც წამყვანი ასეთი სიტყვებით გამოეხმაურა: „ანუ, გამოგვივიდა ჭკვიანი, იუმორის გრძნობის მქონე, ქარიზმატული, დაბალი, მსუქანი და ბანჯგვლიანი, არ მინდა, ეგეთს არ მივცეთ სტიკერი“.
ქარტიის საბჭო განმცხადებელს დაეთანხმა , ეს სიძულვილის ენის გამოყენება იყო. “კერძოდ, კონკრეტული გარეგნული/ფიზიკური მახასიათებლები [სიმსუქნე, სიმაღლე, ჭარბთმიანობა] მოხსენიებულია შეურაცხმყოფელი კონტექსტით, სახეზეა ასეთი გარეგნობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაცია ფიზიკური ნიშნით, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ მიმზიდველნი. წამყვანის მიერ მოხდა გარეგნობის კონკრეტული მახასიათებლების განზოგადება უარყოფით კონტექსტში. ნიშნის მიხედვით გამორჩევა ზოგადად არაკორექტული და არაეთიკურია” – აღნიშნულია ქარტიის გადაწყვეტილებაში.