მაგთიკომი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.
„სამწუხარო ფაქტია, რომ კომუნიკაციების კომისია ბოლო დროს, ძირითადად, დაკავებულია არასწორი, გადაუმოწმებელი, არაკომპეტენტური ინფორმაციის ტირაჟირებით, დარგში არსებულ წამყვან კომპანიებთან პირდაპირი ბრძოლით, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება დარგისა და ქვეყნისთვის მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებით.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს არ სურს მოისმინოს ექსპერტების და დარგში ჩახედული პროფესიონალების მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრი. ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული შეფასების და შესწავლის გარეშე, მას შეუძლია მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები.
ერთ-ერთი ნაჩქარევი, გაუაზრებელი და რისკების შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულება კომუნიკაციების კომისიამ სრულყოფილი კვლევის ჩატარების გარეშე 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო #გ-20-9/156 გადაწყვეტილება – მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით.
კომისიამ დაუკვეთა PWC-ის ზოგადი, მიმოხილვითი სახის კვლევა მსოფლიოში არსებული ვირტუალური ოპერატორების (MVNO-ს) შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული არ ყოფილა საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი. მსგავსი დაკვეთა (ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი) კონსულტანტს კომისიისგან არ მიუღია.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებისგან განსხვავებით (რომელიც დღესდღეობით გამყარებული არ არის არანაირი კვლევით/ფაქტებით და წარმოადგენს მხოლოდ ამ ორგანოს სუბიექტურ შეხედულებას), რომ თითქოს საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება გამოიწვევს კონკურენციის გაზრდას და დადებითად აისახება დარგის განვითარებაზე, მაგთიკომის მიერ გაჟღერებული ფაქტები, რომ MVNO-ს სავალდებულო შემოსვლა ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე, აბონენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, მთლიან შიდა პროდუქტზე (GDP) და დარგის შემდგომ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება და აღნიშნულს, მათ შორის, ადასტურებს მსოფლიო რეიტინგით TOP 6 საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს, თუ რა გავლენას მოახდენს MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება საქართველოს ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ მაგთიკომმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მსოფლიო რეიტინგით საუკეთესო პირველი ათეულიდან ექვს კომპანიას დაუკვეთა კვლევა, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საქართველოს ბაზარზე სავალდებულო დაშვების შესახებ, აღნიშნული ექვსიდან ორი კომპანია ე.წ. (BIG 4) დიდი ოთხეულის წევრია (Deloitte; KPMG; BDO; Grant Thornton; RSM; Nexia International) რომლებმაც ჩაატარეს კვლევა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
-
რისკები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე;
-
ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე;
-
ეფექტი კომუნიკაციების დარგზე და მისგან გამომდინარე, ქვეყნის ბიუჯეტზე;
-
ეფექტი სამუშაო ადგილებზე;
-
ეფექტი ინვესტიციებზე;
-
ეფექტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
ყველა ამ მიმართულების კვლევაზე ექვსივე კომპანიის მთავარი/ძირითადი პასუხი არის ნეგატიური, რომ MVNO-ს სავალდებულო დაშვება და ამ ვალდებულების ამოქმედება საქართველოში უარყოფით შედეგებს გამოიღებს.
აღნიშნული კვლევები და შესაბამისი დასკვნები სრულად არის მიწოდებული, როგორც კომუნიკაციების კომისიისთვის, ასევე, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისთვის.
აქვე გაწვდით თითოეული აუდიტორული კომპანიის კვლევებიდან ამონარიდებს და ასევე, დიდი ოთხეულის (BIG 4) წევრი PWC-ის საჯარო სტატიას კანადაში სავალდებულო MVNO-ს დაშვების შესახებ:
კომპანია A
უსაფრთხოება
„MVNO წარმოადგენს დაცულობის თვალსაზრისით პოტენციურად სუსტ კავშირს, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს MNO-ს ქსელის უსაფრთხოებისათვის“.
„უკიდურესად რთულია MNO ქსელის უსაფრთხოების გარანტირებულად უზრუნველყოფა და მონაცემთა დაცვა.”
MNO-ები შესაძლოა გახდნენ მზარდი კიბერ-თავდასხმების ობიექტები. ამას განაპირობებს MVNO-ების შედარებით სუსტი თავდაცვისუნარიანობა, MNO-ების დაცვასთან შედარებით, რამაც შესაძლოა უნებურად შეუქმნას შესაძლებლობები კიბერ-თავდამსხმელებს.
საფასო თვალსაზრისით საქართველოს მობილური კავშირის ბაზარი საკმაოდ ხელმისაწვდომია
„საფასო თვალსაზრისით საქართველოს მობილური კავშირის ბაზარი საკმაოდ ხელმისაწვდომია და წარმოდგენილია დაბალი ფასებით სხვა ბაზრებთან შედარებით.”
„საქართველოში მობილური კავშირის ბაზარი ხასიათდება მაღალი დონის შეღწევადობით და გაჯერებულია.“
“GNCC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით 2019 წლის მდგომარეობით საქართველო ერთ-ერთია იმ ბაზრებს შორის, სადაც მობილურ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი ფასებია.”
ახალი მოთამაშეების მოზიდვა
„არ დასტურდება, რომ საქართველოში არსებობს ისეთი თავისუფალი ნიშა, რომელიც იქნება MVNO-ს წარმატებისთვის საკმარისი ზომის.”
საინვესტიციო საჭიროებები ქვეყანაში
„MVNO-ების შემოღებით გაღრმავდება საინვესტიციო ძალთა უთანასწორობა ბაზრის ძირითად ინფრასტრუქტურულ მოთამაშეებს შორის, რაც პოტენციურად შეამცირებს კონკურენციას ინფრასტრუქტურულ დონეზე.“
ეკონომიკა და კოვიდ-19
„ეკონომიკური კრიზისის შედეგად შეიქმნება ნეგატიური და მერყევი ეკონომიკური გარემო, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების მდგრადობას და დააფრთხობს ინვესტორებს.“
„2020 წელს საქართველოში მშპ შემცირდება -4.0%-დან -5.5%-მდე, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარის შესაბამისად.”
„ჩამოყალიბდება ეკონომიკური გარემო, რომელიც მთელს მსოფლიოში შეარყევს ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობას.”
კომპანია B
მნიშნველოვანი ამონარიდები
საოპერაციო და მომსახურების ხარისხის რისკები
„ქსელის გადატვირთვა – MVNO-ს ბაზარზე შემოსვლამ შესაძლოა, ქსელის მოხმარების მაღალი დონეებით გამოწვეული ქსელის გადატვირთვის გამო, მომსახურების საერთო ხარისხის შემცირება გამოიწვიოს.“
„კიბერუსაფრთხოება – MVNO უფრო დაუცველია კიბერუსაფრთხოების რისკების მიმართ, ვიდრე ტრადიციული MNO. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი აღნიშნავს შემდეგს: “ტრადიციული ქსელური ოპერატორებისაგან განსხვავებით, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელ სატელეკომუნიკაციო ქსელებს, MVNO–ს შეუძლია მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურების გარკვეული ნაწილის მართვა. MVNO-ების მომსახურების გადამყიდველები სხვადასხვა ადგილას არიან მიმოფანტულნი და MVNO-ებს სხვადასხვა კავშირების საშუალებით უკავშირდებიან. გარდაუვალია, რომ MVNO-ები უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეების წინაშე დგანან, არაადეკვატური უსაფრთხოების პრაქტიკისა და მოთხოვნების გამო, რომლებიც ძალიან განსხვავდება ტრადიციული ქსელის ოპერატორების უსაფრთხოების მოთხოვნებისგან. ზოგადად, MVNO-ს უსაფრთხოების შესაძლებლობები უფრო სუსტია, ვიდრე ტრადიციული ქსელის ოპერატორებისა. MVNO-ები ხდებიან უსაფრთხოების გამოწვევებისათვის მთავარი სამიზნეები.
ისრაელის შემთხვევაში 2010-2018 წლების განმავლობაში 3 არსებული MNO-ს შემოსავლები შემცირდა 61%-ით და სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48%-ით.
ესპანეთის შემთხვევაში, მობილური მომსახურების შემოსავლები 2007 წლიდან (MVNO-ს ბაზარზე შემოსვლიდან) 2017 წლამდე შუალედში შემცირდა 68%-ით.
2007 წლიდან (MVNO-ს ბაზარზე შემოსვლიდან) 2017 წლამდე შუალედში ინვესტიციები 19%-ით შემცირდა. მსგავსად ამისა, ისრაელში, 2009 წლიდან (MVNO-ს ბაზარზე შემოსვლიდან) 2018 წლამდე შუალედში, ინვესტიციები 35%-ით შემცირდა.
„საერთო ჯამში, MVNO-ების შესვლამ ბაზარზე შესაძლოა გამოიწვიოს MNO-ების მომგებიანობის შემცირება და შედეგად გამოიწვიოს ინვესტიციების შეჩერება, ახალ ქსელებში ინოვაციების შენელება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დაყოვნება, რომლებიც გადამწყვეტია ეკონომიკის საერთო კონკურენტუნარიანობისთვის, რაც საბოლოო ჯამში, დააზიანებს ციფრული ინფრასტრუქტურის სარგებელსა და ქსელის ხარისხს.“
მობილური კავშირის ბაზარი საქართველოში კონკურენციის მაღალ დონეს ამჟღავნებს, სხვა ანალოგიურ ქვეყნებთან შედარებით დაბალ კონკურენტუნარიან ფასებს სთავაზობს მის კლიენტებს, როგორც მობილური მომსახურების, ასევე მობილურ მონაცემთა მომსახურების სფეროში და შესაბამისობაშია განვითარებულ საბაზრო ტენდენციებთან, რაც იძლევა მინიშნებას იმისა, რომ MVNO-ების არსებობა არ არის აუცილებელი კონკურენტუნარიანი შედეგების მისაღებად. ბაზარზე, სადაც ფასები ისედაც დაბალია და პოტენციურად საბოლოოდ დააზიანებს არსებული მოთამაშეების მომგებიანობას, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრიდან გასვლები და შემცირებული საბაზრო კონკურენტუნარიანობა. MVNO-ს ბაზარზე შემოსვლა უტოლდება შემოსავლების ზოგად კლებას, და შესაბამისად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაკლებ საბიუჯეტო შემოსავალს, დაბალი საგადასახადო შემოსავლების შედეგად.
არანებაყოფლობითი MVNO-MNO პარტნიორობის წახალისებას, შეუძლია გამოიწვიოს გრძელვადიანი ინვესტიციების გაუარესება, როგორც ამას ისრაელის და ესპანეთის მაგალითზე ვხედავთ, და იქონიოს ზოგადი უარყოფითი გავლენა კონკურენტუნარიანობაზე, მოკლევადიანი ხელმისაწვდომობის ხარჯზე, რაც სავარაუდოდ საბიუჯეტო შემოსავლების კლებას გამოიწვევს. COVID-19-ის აფეთქების შედეგად, ამჟამად არსებული გაურკვეველი ეკონომიკური და ინდუსტრიული მდგომარეობა და მომავალი ინვესტიცია 5G ტექნოლოგიაში, ინდუსტრიის თანდაყოლილ, ძალიან გრძელ საინვესტიციო ციკლთან ერთად, არსებითად ზრდის MVNO-ს ბაზარზე სავალდებულო შემოსვლის რისკს, რამაც შესაძლოა მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს და შემდგომ წლები დასჭირდეს აღსადგენად.
კომპანია C
უსაფრთხოების რისკები
„მოსაზრება, რომ საქართველო შეძლებს MVNO ოპერატორების სხვა ქვეყნებიდან მოზიდვას, სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის გარდა, ნაკლებად რეალისტურია (რაც ასევე უსაფრთხოების დამატებით საკითხებს წამოწევს, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო)“.
„ზოგადად, MVNO ოპერატორებს ნაკლები რესურსი აქვთ კიბერუსაფრთხოების სამართავად, თუმცა ფუნქციონირებისთვის მათი საქმიანობა თითქმის მხოლოდ ინტერნეტზეა დამოკიდებული. ეს შესაფერის სამიზნეს ქმნის კიბერუსაფრთხოების სპეკულაციებისთვის და MNO-ის სისტემებზე პოტენციური წვდომისთვის. ამ პროცესში MVNO ოპერატორები მრავალი კრიტიკული პრობლემის წინაშე დგანან, რაც მოიცავს: მომსახურების შეფერხებას, ინფორმაციის გამჟღავნებას, მონაცემების ან ინფრასტრუქტურის განადგურებას, მონაცემების მოდიფიკაციას ან დამახინჯებას და მონაცემთა მოპარვას.“
აღსანიშნავია, რომ MVNO ოპერატორებმა შეიძლება ასევე მნიშვნელოვნად გაზარდონ კიბერუსაფრთხოების დარღვევის შემთხვევები, რადგან მათ შეუძლიათ კონფიდენციალურ მონაცემებზე და (უფრო არაპირდაპირი გზით) ქსელური ოპერატორების ძირითად ობიექტებზე უფრო ადვილი წვდომის უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია, ასევე, მარეგულირებლის გადაწყვეტილების შემთხვევაში, MVNO ოპერატორების საქართველოში შემოსვლის დროის საკითხი. ჩვენი აზრით, თუნდაც MVNO ოპერატორების შემოსვლის გადაწყვეტილება რელევანტური იყოს, მათი შემოსვლის დრომ, დიდი ალბათობით, დიდი ხნის წინ ჩაიარა.
კომპანია D
უსაფრთხოება
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ დოკუმენტში გამოვლენილი უსაფრთხოების სხვადასხვა რისკები, რომლებიც დაკავშირებულია MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან. მიგვაჩნია, რომ MVNO ვალდებულების გადაწყვეტამდე GNCC-მ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მობილური ბაზრის შემდეგი სპეციფიკა.
„უსაფრთხოების პოტენციური რისკების საფუძვლიანად განხილვა, შეფასება და რისკის შემსუბუქების სათანადო ზომების მიღება აუცილებელია ყველა მონაწილე მხარისათვის, შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩათვლით.“
– MVNO–ს შემოსვლა გამოიწვევს არსებული MNO–ების შემოსავლების შემცირებას, ხარჯების გაზრდას და მოგების შემცირებას, შესაბამისად, შეამცირებს MNO-ების შესაძლებლობას, რომ ინვესტიციები ჩადონ ქსელის განვითარებაში.
– MVNO–ს შესვლამ ბაზარზე შეიძლება გამოიწვიოს MNO–ების რაოდენობის შემცირება, ბაზრის კონცენტრაციის გაზრდა და შესაბამისად, მომხმარებლის არჩევანის შეზღუდვა.
– MVNO ვალდებულება ამცირებს რადიოსიხშირული სპექტრის საბაზრო ღირებულებას და მობილური ოპერატორების შესაძლებლობას რომ მომავალში დაფარონ 5G რადიოსიხშირული სპექტრისთვის საჭირო ხარჯები.
– MVNO ვალდებულების გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა დაკარგოს კომუნიკაციების მშპ-ს 2% – 4%, ასევე შემოსავლები დღგ-სა და მოგების გადასახადებისაგან.
კომპანია E
ჩვენი ანალიზის საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ უნდა არეგულირებდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების შესვლას საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე, შემდეგი მიზეზების გამო:
საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარი კონკურენტუნარიანია, მისი დაბალი ამჟამინდელი საცალო ფასების, მაღალი აბონენტების გადინების მაჩვენებელი და მომსახურე ქსელის შეცვლის ბარიერების პრაქტიკულად არ არსებობის გათვალისწინებით. უფრო მეტიც, აბონენტის სიმკვრივის მაჩვენებელი მაღალია, მომსახურების პაკეტები მრავალფეროვანია და პროდუქციის პაკეტებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა.
ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიზს გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მოეცვა ასევე რისკის შეფასება. სხვა რისკებს შორის, აღსანიშნავია მობილური ქსელის ოპერატორების შესაძლო გაკოტრების ან/და მობილური ქსელის ოპერატორების გაერთიანების (შერწყმის) რისკები, მობილური ინვესტიციების შემცირების რისკი მობილურ ინფრასტრუქტურასა და კიბერ უსაფრთხოებაში.
კომპანია F
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (“ITU”) განაცხადა, რომ MVNO–ები უსაფრთხოების სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან მათი უსაფრთხოების არაადეკვატური პრაქტიკის, მოთხოვნების და შესაძლებლობების გამო, რომლებიც ზოგადად, უფრო სუსტია (ესენია დამუშავების მეტი დრო და უსაფრთხოების ინსტრუმენტები, რაც IT აქტივებით შემოიფარგლება), ვიდრე ტრადიციული MNO–ების შესაძლებლობები, რომლებიც უფრო ფოკუსირებულნი იქნებიან ქსელის ინფრასტრუქტურაზე.
MVNO არ შეუწყობს ხელს მომხმარებელთა კეთილდღეობას და არ წაახალისებს ინვესტიციებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის MNO-ების ფინანსურ მდგომარეობას, რადგან საქართველოში საცალო მობილური მომსახურების ფასები უკვე მნიშვნელოვნად დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მობილური ინტერნეტის მოხმარების დონის ევროკავშირის დონესთან გასათანაბრებლად, გამოყენების გაზრდის ნაცვლად, MVNO–ს როლი ბაზარზე შეეწინააღმდეგება შემდგომი ინვესტიციების განხორციელებას და შეამცირებს MNO–ს მიერ მარკეტინგული რეკლამების განხორციელებას, რაც ქსელის დაფარვისა და მობილური სერვისის გამოყენების გაზრდის საშუალებებია.
შესაბამისად, GNCC–ის მიზანი, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაძლიერებას MVNO– ს დაშვების დაწესების გზით, არ არის გამართლებული.
მიუხედავად იმისა, რომ MVNO–ები მიდრეკილნი არიან, გაზარდონ კონკურენცია ბაზრებზე, სადაც კონკურენციის ნაკლებობაა, სავარაუდოა, რომ MVNO საქართველოში გააუარესებს მდგომარეობას მაშინ, როდესაც ბაზარზე ფასები ისედაც დაბალია და კონკურენცია ეფექტურია.
ამასთან, უფრო დაბალი შემოსავლის ნაკადები ასევე უარყოფითად იმოქმედებს სახელმწიფოს შემოსავლების წყაროებზე, რომლებიც ჩვეულებრივ გადახდილი გადასახადებისგან მიიღება.
საქართველოს მობილური ოპერატორების მიერ მიღებული ARPU- ს (საშუალო ფასი) საშუალო მაჩვენებელი თითქმის 4.5-ჯერ ნაკლებია ევროპაში მიღებულ საშუალო ARPU-ზე.
ბაზრის გრძელვადიანი შეფასების საფუძველზე, განსხვავებით GNCC-ის მიერ განხორციელებული შეფასებისგან, რომელიც გასული სამი წლით შემოიფარგლებოდა, ჩვენ დავინახეთ, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა მარეგულირებლის ჩარევის გარეშე. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება უახლოეს მომავალში და, შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ GNCC-ის გადაწყვეტილებით დაწესებული წინასწარი რეგულირება, MNO-ს დავალდებულების სახით, რომ უზრუნველყოს MVNO–ს დაშვება საკუთარ ქსელზე, არ არის საჭირო და საბოლოო მომხმარებლის სასარგებლოდ კონკურენციისთვის ხელშეწყობის ნაცვლად, შეამცირებს ინვესტიციებს მომხმარებლის კეთილდღეობის საზიანოდ.
PWC-ის სტატია: იხილეთ ბმულზე
ზემოაღნიშნული შეფასებებიდან ნათლად ჩანს, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს დღეს საქართველოში სავალდებულო ვირტუალური ოპერატორის შემოყვანის (თუ ასეთი საჭიროება როდესმე იყო ამ დრომ უკვე დიდი ხანია ჩაიარა).
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებში ძირითადად ვირტუალური ოპერატორის ქსელზე დაშვება არ არის სავალდებულო და აღნიშნული თანამშრომლობა ოპერატორებს შორის ხდება ბიზნეს მოლაპარაკების საფუძველზე. ქვეყნები, სადაც მსგავსი რეგულაცია არსებობს არ დგანან იმ გამოწვევების და რისკების წინაშე, რის წინაშეც დღეს დგას საქართველო. მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში თუ რომელ ქვეყანაში და რამდენი სავალდებულო ვირტუალური ოპერატორია არ არის განსაზღვრული.
ვირტუალური ოპერატორის ქსელზე დაერთება და მასთან დაკავშირებული ურთიერთჩართვის მოწყობა არ არის სტანდარტული ურთიერთჩართვა. ვირტუალური ოპერატორის დაერთებისას, MVNO –ს ეძლევა სრული დაშვება ოპერატორის ქსელზე. შესაბამისად, უკიდურესად იზრდება FRAUD-ის რისკები (როგორც ოპერატორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის და აბონენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების რისკები, ასევე, იზრდება სახელმწიფო სტრუქტურებისთვის უსაფრთხოების რისკები, რომლებიც ისარგებლებენ MVNO სერვისებით).
ასევე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღეს წინა წლებთან შედარებით უკიდურესად გაზრდილია ჰაკერების მხრიდან კიბერთავდასხმები და ისინი საკმაოდ მომზადებულნი არიან როგორც პროგრამული და აპარატურული კუთხით ასევე, მაღალი დონის ტექნიკური ცოდნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ დამატებით შანს ვაძლევთ ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნე ძალას მისი კიბერშეტევის განხორციელებისთვის.
წარსული მაგალითების მოყვანა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან არ შეესაბამება დღეს არსებულ რეალობას და გონივრულია იხელმძღვანელოს საქართველოში არსებული რისკების გათვალისწინებით.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ვირტუალური ოპერატორის მოთხოვნაზე წინა წლების პერიოდში არცერთ ავტორიზებულ პირს მაგთიკომისთვის არ მოუმართავს. მარეგულირებელ კომისიას ვთხოვთ, წარმოგვიდგინოს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ასე ფორსირებულად მიღება/ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი/ნეგატიური მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მხრივ. ამასთან, თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევით საქართველოში თითოეულ მობილურ აბონენტზე საშუალო შემოსავალი 8.60 ლარია (დაახლოებით 2.5 აშშ დოლარი), ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ა.შ…? ან ჩნდება გონივრული ეჭვი, ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება?
დასასრულს, გვინდა ცალსახად აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია წარმოდგენილ საკითხზე ეფუძნება არა კონკურენციის განვითარების ხელშეშლას საქართველოში, რის წარმოჩენასაც უსუსურად ცდილობს კომუნიკაციების კომისია, არამედ იმ რეალობის წარმოჩენას, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს გაუაზრებელ და არასწორ გადაწყვეტილებას და რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს (ამ შემთხვევაში მაგთიკომს), არამედ მთლიანად წარმატებულ დარგს და მის შემდგომ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მის ეკონომიკურ განვითარებაზე”, – წერია განცხადებაში, რომელსაც “მაგთიკომი” ავრცელებს.