USAID-ის დახმარებით შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განახორციელა.
კაპიტალური სარემონტო სამუშაოები „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა მაგისტრალური გაზსადენების დაზიანებულ უბნებზე ჩაატარა.
როგორც ”ფორტუნას” „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან” აცნობეს, ამჟამად მიმდინარეობს ჯვრის მონასტერთან ახლოს გამავალი ყაზახ-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მეწყერულ ზონაში გამავალი მონაკვეთის გადალაგების სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
ამ დროისთვის დასრულებულია ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, შირის ხევის მონაკვეთის ანტიეროზიული სამუშაოები; „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, აშენდა 140-მეტრიანი საჰაერო გადასასვლელი მდინარე ლოჭინზე. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე გაკეთდა მიწისქვეშა გადასასვლელი და მდინარე ლეხურაზე დამონტაჟდა საონკანო კვანძები.
აშშ-ს განვითარების სააგენტომ (USAID) შეიძინა და „საქართველოს ნავთობისა დაგაზის კორპორაციას“ უსასყიდლოდ გადასცა დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების სამშენებლო ტექნიკა.
”შესაბამისად, კორპორაციას შესაძლებლობა მიეცა შეექმნა სპეციალური სამშენებლო სამსახური, რომელსაც დაევალა მაგისტრალური გაზდენების კრიტიკულ უბნებზე კაპიტალური სამუშაოების ჩატარება, რასაც კორპორაცია საკუთარი სახსრებით უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს. სამსახურში დასაქმებულია 20-მდე მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელი” – აცხადებენ ”ნავთობისა და გაზის კორპორაციაში”.