LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

180

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონისთვის ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად და გაზრდილი მოცულობებით მისაწოდებლად ახალი მილსადენის პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ‐დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის 60 სიგრძისა და 500 მმ დიამეტრის განშტოების მშენებლობას. ქობულეთის განშტოების პროექტისთვის ალტერნატიული მარშრუტი აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ქობულეთის რაიონების ტერიტორიის გავლით შეირჩა.

როგორც სნგკ-დან ”ფორტუნას” აცნობეს, პროექტის რეალიზაცია უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის  ზღვისპირა ზონის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების შედეგად გაზზე მზარდი მოთხოვნის გარანტირებულად დაკმაყოფილებას გრძელვადიანი მოხმარების პერსპექტივის გათვალისწინებით.

ქობულეთის განშტოების პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოხდება განშტოების 45 კმ-იანი ორი მონაკვეთის მშენებლობა აბაშიდან სუფსამდე და ჩოლოქიდან ქობულეთამდე. ამ მონაკვეთების მშენებლობისთვის სნგკ-მ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 20 თვის განმავლობაში სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება ქობულეთის განშტოების დარჩენილ, სუფსა-ჩოლოქის 15 კმ-იანმონაკვეთს, მისი მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დაიწყება.

ქობულეთის განშტოების მშენებლობისთვის საჭირო მილები და მასალები კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე 2016 წელს შეიძინა.