”აფგან მუხთარლის მიერ, საზღვრის საკუთარი ნებით, უკანონოდ გადაკვეთისა და თანხის გადატანის ვერსია ალოგიკურია და ამის მტკიცებულება არ არსებობს” – ამის შესახებ ”ფორტუნასთან” კომენტარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ადვოკატის ინფორმაციით, გატაცებამდე, აფგან მუხთარლი სახლიდან ერთ კილომეტრში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, თან არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, არ ჰქონდა თანხა და არ იყო შესაბამისად ჩაცმული. ადვოკატის მტკიცებით, ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ვერ ექნებოდა.
”აფგან მუხთარლის თქმით, ის საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ. ის დაახლოებით 200 კმ ატარეს და საზღვრამდე მიყვანა არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
ორი ვარიანტია: აფგან მუხთარლის გატაცების ოპერაცია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დამოუკიდებლად განახორციელეს, რაც ჩვენი სპეცსამსახურების უსუსურობაზე მიუთითებს, ან ეს ოპერაცია ქართული და აზერბაიჯანული მხარეების არაოფიციალური თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა.
ორივე შემთხვევა არის ძალიან სერიოზული, მოითხოვს ოფიციალურ გამოძიებას და ორივე შემთხვევაში უნდა დაისაჯონ მაღალი თანამდებობის პირები” – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან პრეტენზია იარსებებს მანამ, სანამ გამოძიების კონკრეტული შედეგები არ გახდება ცნობილი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ჟურნალისტის მტკიცებით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ის საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს, ბაქოში ჩაიყვანეს და თანხაც ჩაუდეს.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ აფგან მუხთარლი სახელმწიფო საზღვარს უკანონოდ კვეთდა და თანხა გადაჰქონდა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოში 2 დღის განმავლობაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები იმართება. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს ითხოვს. დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრის განცხადებით, მათ კავშირი აქვთ აზერბაიჯანულ მხარესთან და ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
გვანცა ბზიავა