LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალი სიცხის დროს ბავშვებში გაგრილების მეთოდებს შორის, მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ, გთხოვთ, ძმარს და სპირტს ნუ გამოიყენებთ“ – პედიატრი ლალი ჯანაშია

861
ლალი ჯანაშია

პედიატრმა ლალი ჯანაშიამ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვირუსული ინფექციის დროს ცხელების კუპირების გზებზე ისაბრა:

„ყველაზე პირველი სიმპტომი ვირუსული ინფექციის, ეს არის ცხელება. ხშირ შემთხვევაში პროცესი სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ გუშინ 37,2-37,5 გრადუსი ჰქონდა სიცხე, მაგრამ მერე წავიდა და წავიდა მაღლა. ისეც ხდება, რომ პროცესი პირდაპირ აგრესიულად იწყება, პირდაპირ 40 გრადუსი ტემპერატურიდან და ზოგჯერ მეტიდანაც. პირველი, რაზეც მშობელი იწყებს ფიქრს და რისიც ყველაზე მეტად ეშინია ეს არის ფებრილური გულყრა, რომელიც სანახავად იმდენად მძიმეა მშობლისთვის, რომ რამდენადაც კარგად არ უნდა აუხსნა მას, რომ ბავშვს არ სჭირდება დამატებითი დახმარება, არც კბილის ჩამომტვრევა და არც ენის „ამოგლეჯა“, მაინც ძალიან შეშინებულები არიან. მთავარი აქაც იგივეა, ოქსიგენაცია, სუფთა ჰაერი, რომ გამოთავისუფლდეს ზედა სასუნთქი გზა. ცოტა გვერდზე დააწვინეთ ბავშვი, მიუშვით, ნუ შემოეხვევით და თვითონ გამოვა მდგომარეობიდან. ის საშუალებები, რასაც სახლში ვიყენებთ, დექსამეტაზონი, დიაზეპამი ეს უკვე არის ზედმეტი, დამატებითი მედიკამენტი, რომელიც შეიძლება არაფერს აფუჭებდეს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ბავშვი თვითონ გამოდის მდგომარეობიდან.

უნდა ვეცადოთ, რომ 38,5 გრადუსამდე მაინც არ მივცეთ დამწევი ბავშვს, რადგან თავის ოქროს წესი აქვს ვირუსს, რომელთან ბრძოლაშიც თვითონ ბავშვიც გამოხატავს ბრძოლისუნარიანობას. შევეცადოთ ნუ დავთრგუნავთ სიცხეს თავშივე, 37,5-37,8 გრადუსზე, მაგრამ თუ ჩვენ ვატყობთ, რომ ეს ტემპერატურა უკვე ზემოთ მიდის და არ გვემორჩილება, განსაკუთრებით კი ღამის საათებში, როცა ეს განსაკუთრებით საშიში ხდება მშობლისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამწევი. ასეთი ბევრნაირი პრეპარატი არსებობს, როგორც იბუპროფენის ჯგუფის, ისე პარაცეტამოლის ჯგუფის. მთავარი ამოცანა არის, რომ შევანაცვლოთ  ეს პრეპარატები ერთმანეთს, რომ არ გამოვიწვიოთ კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. პირველი მაინც ფიზიკური მეთოდია, ნუ ჩათბუნავთ შვილებს, რომელთაც ისედაც მაღალი ტემპერატურა აქვთ. თუ ხელ-ფეხი გაყინულია, პირველ რიგში, შეათბეთ ეს კიდურები და მერე გამოიყენეთ სიცხის დამწევი. გაგრილების მეთოდებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ, გთხოვთ, რომ ძმარს, სპირტს და მსგავს რაღაცებს ნუ გამოიყენებთ. შეუპოვარი ცხელება გულისხმობს, 2-3 საათში ერთხელ 39 გრადუსს და მეტ ტემპერატურას, რომელსაც ახლავს მკვეთრი ადინამია, მკვეთრი სიფერმკრთალე და ეს ის ქეისია, როცა პირველი 24 საათი არ განიხილება და ბავშვი აუცილებლად შეფასებული უნდა იქნეს პედიატრის მიერ“ – განაცხადა ლალი ჯანაშიამ.

არავითარი ხველის სიროფი! როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხველას ბავშვებში – ლალი ჯანაშიას რჩევები

„როდესაც ბავშვს მუდმივად აქვს გამონადენი ცხვირიდან, ის ავტომატურად გადამდებია სხვა ბავშვისთვის, ბაღიდან მუდმივად დავირუსებულები სწორედ იმიტომ მოდიან ბავშვები“ – პედიატრი ლალი ჯანაშია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები