LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ალბათობით, ხვალ 20 ოლქიდან, სულ მცირე 19-ს მოიგებს ქართული ოცნება, შესაძლოა 20-ვე მოიგონ: ამირან სალუქვაძე

736
ამირან სალუქვაძე

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურია. თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებზე ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა. მისი განმარტებით, პირველი ტურის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალი ალბათობით „ქართული ოცნება“ ამომრჩევლების ხმების უმეტესობას მოიპოვებს.

ამირან სალუქვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საარჩევნო კამპანიასაც აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციას პირველი ტურის წინ საარჩევნო კამპანია არ ჰქონდა წარმოდგენილი და „პროგრამული, საქმიანი კრიტიკის ნაცვლად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ აგრესია, ზიზღის ენა და სიძულვილი“.

ექსპერტი მიიჩნევს,რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ის გეგმები ჰქონდა წარმოდგენილი, რასაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნები რევოლუციურ ტალღაზე იქნა გადატანილი, რაც საზოგადოებისათვის ძალიან საზიანოა. მისივე განმარტებით, ადგილობრივი არჩევნები უნდა ჰგავდეს ადგილობრივ არჩევნებს, ხოლო საპარლამენტო საპარლამენტოს.

ყველამ ვიხილეთ, რომ ზედმეტად აწეული იყო ტემპერატურა ადგილობრივ არჩევნებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორიო თანამეგობრობამ ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა. ადგილობრივი არჩევნები არ უნდა იყოს ასეთ მაღალ ნიშნულზე აწეული, ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს.

რაც შეეხება მოლოდინებს, ყველას თავისი რჩეული ჰყავს და გააკეთებენ შესაბამის არჩევანს. თუ პირველი ტურის შედეგებით და იმ სტატისტიკით ვიმსჯელებთ, რაც არსებობდა აქამდე, 64 ოლქიდან 44-ის მოგება ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დამაჯერებელია ქართული ოცნების მხარდაჭერა. ძალიან მაღალი ალბათობით, ხვალ 20-დან სულ მცირე 19-ს მოიგებს ქართული ოცნება, შესაძლოა 20-ვე მოიგონ იმ მოლოდინებით და განწყობებით, რაც ხალხში შეიქმნა და რასაც თავად ოპოზიცია, ნეგატიური და აგრესიული დღის წესრიგით უწყობდა ხელს.

პირველი ტურის წინ ჩვენ არ გვიხილავს ნორმალური, ჯანსაღი საარჩევნო კამპანია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. როდესაც საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით კრიტიკა დაიწყო, ერთ-ერთმა პირველმა, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში რამდენჯერმე გავამახვილე ყურადღება ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამები, არა ლოზუნგები და სადღეგრძელოები, არამედ დეტალური პროგრამები თუ რას აპირებენ ისინი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამასთან, პარტიებს უნდა ჰქონდეთ ზოგადი კონცეპტუალური ხედვა და პროგრამები რეგიონებთან და თვითმმართველობების მოწყობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ კანდიდატებს მუნიციპალიტეტებსა და ოლქებში უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმები, უნდა ფლობდნენ იქ სიტუაციებს მაგრამ, სამწუხაროდ ვიხილეთ ის, რომ ოპოზიციის მთელი რესურსი გადალაგდა ერთი საფეხურით ქვემოთ. ის ლიდერები, რომლებიც საკუთარი პარტიების უმაღლეს ეშელონებში იყვნენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ დედაქალაქის, შემდეგ პარტიის თავმჯდომარეები, მინისტრები და ა.შ. დღეს მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებზე მერებად, საკრებულოში იყრიან კენჭს და ა.შ. რაც ძალიან ცუდია, რადგან ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატები უნდა იყვნენ შესაბამისი დონის, ანუ იმ მუნიციპალიტეტების და ქვემოდან ზემოთ უნდა იზრდებოდნენ პარტიები. ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ. ვერ ვიხილეთ სწორი საკადრო მიდგომა და ვერც პროგრამები, რათა გაგვეგო რას აპირებდნენ კანდიდატები და პარტიები შესაბამის მუნიციპალიტეტების განვითარებას. ეს არის ძალიან უარყოფითი. ამ მხრივ უპირატესობა მმართველ პარტიას აქვს, ეს განსაკუთებით იგრძნობა დედაქალაქში.

ხანგრძლივ პერიოდზე ჰქონდა გაწერილი კახა კალაძეს წინასაარჩევნო კამპანია, მან ჯერ ანგარიში ჩააბარა თავის მშვიდ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებდა 4 წლის განმავლობაში და მეორე ეტაპზე წარმოადგინა გაწერილი შესაბამისი გეგმები.

მეორე მხარეა მოსწონს ეს ოპონენტებს თუ არ მოსწონთ. სწორედ აქ უნდა შესულიყვნენ დებატებში, აქ უნდა ყოფილიყო საფუძვლიანი კრიტიკა აი ამ პროგრამების. პროგრამული და საქმიანი კრიტიკის ნაცვლად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ აგრესია, ზიზღის ენა, სიძულვილი. ფაქტობრივად რევოლუციურ ტალღაზე იქნა გადატანილი ადგილობრივი არჩევნები, რაც საზოგადოებისათვის ძალიან საზიანოა. როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ადგილობრივი არჩევნები უნდა ჰგავდეს ადგილობრივ არჩევნებს, ხოლო საპარლამენტო საპარლამენტოს“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები