მაგდა ვასაძე მაყურებელმა ტელეპროექტების საშუალებით გაიცნო, თავიდან მას სოლოკარიერა ჰქონდა, შემდეგ კი ბენდთან ერთად დაიწყო სიმღერა. ახლახან, ზაფხულში, მისი ჯგუფის Project Magda-ს პირველი ნამუშევარი ვიხილეთ. გია ყანჩელის ცნობილი კომპოზიცია „საით მიდიხარ“ მაგდამ ბენდთან ერთად განსხვავებულად ააჟღერა და კლიპიც შემოგვთავაზა.
„ფორტუნასთან“ საუბრისას მომღერალმა გაგვიმხილა, რომ ჯგუფი დაიშალა და თავად კვლავ სოლოკარიერას დაუბრუნდა. (ინტერვიუ და ფოტოსესია კაფე „ორანჟერეაში“ შედგა)
მაგდა, ვიცი, რომ სიახლეა ჯგუფთან დაკავშირებით…
ეს პროექტი, Project Magda დავიწყე მე, შევკრიბე კარგი მუსიკოსები, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა. კმაყოფილი ვარ განვლილი გზით. გავაკეთეთ გია ყანჩელის სიმღერის ახალი ვერსია, რომელიც ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. ახლაც მირეკავენ ადამიანები და მეუბნებიან, რომ უსმენენ ამ სიმღერას. მადლიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ვერსია გამოვიდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ჯგუფის დაშლის მიუხედავად, არ ვაპირებ გაჩერებას და არც არასდროს გავჩერებულვარ. ვაგრძელებ სოლოკარიერას. ორშაბათიდან მსმენელი მიხილავს ერთ-ერთ ლამაზ ადგილას, რომელიც ახლახან გაიხსნა. იქ ვიმღერებ. მაქვს ბენდის რეპერტუარი, შევასრულებ გია ყანჩელის სიმღერას „საით მიდიხარ“. ბევრი გეგმა მაქვს და არ მინდა წინასწარ გაჟღერება. უამრავი გეგმა მაქვს, როგორც სოლომომღერალს.
ამას წინათ, „ფეისბუქზე“ წერდი, რომ ბევრჯერ მოგიწია ბევრი რამის თავიდან დაწყებამ…
არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას ჩერდება. ეს ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ ვიტყვი, რომ მბეზრდება, თუმცა სულ მინდა ახლის მოძიება, ამიტომ ვიწყებ ხოლმე თავიდან. შენ რაც ახსენე, ის სხვა შემთხვევაა და გულისტკენასთან იყო დაკავშირებული, – ბენდი ცოტა უცნაურად დაიშალა და ეს სამწუხარო ფაქტი იყო, აღარ დავაკონკრეტებ მეტს. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა, რომ სამომავლოდ ჩემი ცხოვრება სხვანაირად დავალაგო. არასდროს მიჭირს ახალი ცხოვრების დაწყება და არც ახლა გამიჭირდება. უკვე დავიწყე (იღიმის). დავიწყე მუშაობა, რომ ახალი სიმღერა ჩავწერო, ჩემი.
მაყურებელმა კონკურსებიდან გაგიცნო, შემდეგ კი სოლოკარიერა გააგრძელე, მსმენელს თავი დაამახსოვრე. ეს რთული იყო?
ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. უცებ წამოვიდა ეს ტალღა. კონკურსამდე ბათუმში მიცნობდნენ, როგორც მომღერალს, მაგრამ კონკურსით მთელმა საქართველომ გამიცნო. პროექტში ჩემი მწვრთნელები იყვნენ სტეფანე და მაია დარსმელიძე. ისინი ამბობდნენ ხოლმე, რომ ერთადერთი ადამიანი ვიყავი პროექტში, ვისზეც არაფერი ცუდი არ თქმულა. ამით ბედნიერი ვიყავი. არ მიბროძლია ამისთვის. სიუჟეტებიდან, ნამღერიდან გამომდინარე შემიყვარა ხალხმა. მინდა, ყველა კარგი მოლოდინი გავამართლო.
შენს მაშინდელ და ახლანდელ იმიჯს შორის დიდი განსხვავებაა…
30 წელს ზემოთ, აი, დავაკონკრეტე, რომ 30 წელს ზემოთ ვარ უკვე (იცინის), ქალის ცხოვრებაში რაღაცები იცვლება. ჯანმრთელობა პრიორიტეტია. დავიწყე ვარჯიში და ამასთან ერთად, სწორი კვება. ჩემი წონაში კლება ამის შედეგია. ერთი წელია, ამ რეჟიმით ვცხოვრობ. ტრენერები მთხოვენ ხოლმე, ამდენი არ ივარჯიშოო. ჩემი შვილი, მუსიკა და ვარჯიში – ახლა ესაა ჩემი ცხოვრება. თუ ოდნავ გადავუხვიე გზიდან, მიდიხარ სიგანეში, ამიტომ დღემდე ვაკონტროლებ წონას. დიეტაზე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენსაც დავიკლებდი, ორი იმდენს ვიმატებდი, სწორი კვებით მივაღწიე იმ შედეგს, რომ 16 კილოთი ნაკლები ვარ. თან, უნდა გშიოდეს ვარჯიში. ესაა გამოსავალი.
შენს „ფეისბუქზე“ სხვადასხვა ვარცხნილობის გამოფენაა. ქალი რომ დეპრესიაშია და სალონს აკითხავს, ეს ამბავია?
არა, დეპრესია რა ხილია, არ ვიცი. არასდროს მქონია. რაიმე ცუდი თუ ხდება, მაძლიერებს. ამას აღვიქვამ, როგორც სიახლეს. არ მიყვარს, როცა ვიზუალურად ერთნაირად გამოვიყურები დიდი ხნის განმავლობაში. წითელი თმა დიდხანს მქონდა და აღარ მომეწონა. რადიკალურად შევიცვალე თმის ფერი, თეთრი მაქვს. სოციალურ ქსელში მწერენ, როგორ შეიძლება, რომ ასე რადიკალურად განსხვავებულ ფერებს იხდენდეო. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ დამინახოს. ჩემი სიამოვნებისთვის ვიცვლი ვარცხნილობებსა და თმის ფერს. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ მეგონა, ბაიკერს გაჰყვებოდი ცოლადო. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, საინტერესო ვარცხნილობებით, ხან თავს ავიპარსავდი და ხან რას მოვიფიქრებდი ხოლმე. რაც მინდოდა, ყოველთვის იმას ვაკეთებდი.ეს თვისება დღემდე მომყვება.
შენს ცხოვრებაში არის მამაკაცი, ვისაც ეპრანჭები?
ოფიციალურად არავინაა. რა თქმა უნდა, სულ რაღაც ხდება, ასარჩევად შეიძლება იყოს საქმე, მაგრამ სერიოზული არაფერია…
გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია