ფერაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია 2015 წლის სისხლიან კვალად იქცა. მხარეები, ათასი დეტალი და დამნაშავის ძიება – ყველას საკუთარი ვერსია აქვს, თუმცა ყველასთვის გაუგებარია მკვლელობის მოტივი.
მოვლენის ათვლა 2015 წლის 19 დეკემბრიდან იწყება, აი, როგორი არის დედის, ლილი ქაფიაშვილის ვერსია.
დედა, ლილი ქაფიაშვილი : „ მე და ჩემი მეზობლები ჩემს ოთახში ვიყავით. დაახლოებით 10-ის ნახევარი იყო. ამ დროს ოთახში მაგდა შემოვიდა, თუმცა მანამდე ომარი და ბავშვი იყვნენ შემოსულები. ბებიკოსთან უნდა ვითამაშოთო. მე და ბავშვშმა ვითამაშეთ, ომარი კი წავიდა. მერე თოკომ მამიკოსთან მოინდომა, უკან რომ შევიყვანე ბავშვი, ომარმა მითხრა, დაღლილი ვარ, დედა, ცოტას წავუძინებო და მეც გამოვედი, თან უკვე ძილს აპირებდნენ. ცოლ-ქმარი მარტოები იყვნენ და აღარ შევსულვარ. ზოგს გაუჩნდება კითხვა, რატომ არ მიაკითხეო, მაგრამ ვცდილობდი ხოლმე, არ შემეწუხებინა. 10-სკენ რომ გამოვიდა, გრაფინი გამოიტანა წლის ასავსებად. ვკითხე, პატარა სად არის მეთქი? ასე მითხრა, ომარმა წაიყვანა ხაჭაპურის საყიდლადო. მეთქი, ასე გვიან რატომ წაიყვანა-თქო, თან ძალიან ყინავდა იმ საღამოს. რა ვიცი, ბავშვმა ხაჭაპური მოითხოვა და წაიყვანაო. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა, ჯერ ჩაიდანი, შემდეგ უკვე იატაკის ტილო შემოიტანა გასარეცხად. ეს არაფრად ჩამიგდია, რას ვიფიქრებდი, რისთვის უნდოდა, ყოველ საღამოს ძილის წინ წმენდდა ხოლმე. შემდეგ სარეცხი იყო შეყრილი მანქანაში, გამოიღო და დივანის გადასაფარებელი შეაგდო. კიდევ ერთი ცალი ჩუსტი იყო ომარის. ეს გადასაფარებელი რომ შემოიტანა და მანქანაში შეაგდო, მეზობელი შემეკითხა, რა ფერია ესო და რომ შევხედეთ, მანქანაში წყალი სულ მთლად წითელი იყო. რა ვიცი მეთქი, ამ გადასაფარებელს სულ ვრეცხავთ მეთქი და აქამდე ფერი არ გადასვლია თქო. მერე დამცინეს კიდევ, ვთქვი, ფხვნილი ხომ არ არის ეგეთი ფერი-მეთქი.“
მაგდა 10-დან 2 საათამდე შუალედში დედამთილთან რამდენჯერმე შევიდა, ბოლო შესვლაზე კი ლილი ქაფიაშვილს ომართან დარეკვა სთხოვა.
ლილი ქაფიაშვილი : „“მაგდამ მითხრა, მე რომ დავურეკო არ მიპასუხებსო და მოდი, შენ დაურეკეო. მე დასარეკი არ მქონდა და ზარებს ვუშვებდი და არ მპასუხობდა.
ამ შესვლა-გამოსვლების მერე, არ მეძინებოდა. სადღაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო. მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა და პატრულიაო. „პრავა“ არ ჰქონდა, მაგრამ ამ პატრულის არასოდეს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს, ცუც-ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც, დაიძინე, მოდიან,“ – ასე მომწერა. მე უკვე მოსულები მეგონნენ და გამოვვარდი სახლიდან, ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, კორიდორში სულ შუქები ანთია ხოლმე და რატომღაც, იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მარტო ტელევიზორის შუქი გამოდიოდა.
მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო მეთქი. მე მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში, ჩავწექი. მეთქი, ყურს დავუგდებ, თუ მოვლენ ხმაურს გავიგებ-მეთქი. ვერ ვიტყვი, ჩამეძინ თუ ჩამთვლიმა, მაგრამ ნახევარი საათი თუ 10 წუთი გავიდა და ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი. მაგდა ვარ, მიშველეო. მე მეგონა, ალბათ ნასვამი მოვიდა ომარი და რაღაცა კონფლიქტი მოუვიდათ. იმიტომ, რომ მის დალევაზე ამ გოგოს სულ გართულება ჰქონდა ხოლმე. ისე წიოდა, რომ იქით უბანში ისმოდა, თუმცა ომარი არასოდეს არ აჰყვებოდა ხოლმე. ამის გულისთვის ამპულაც ჩაიდგა, მოდი, „ვაბშე“ აღარ დავლევო.
გარეთ რომ გავვარდი, ომარი ძირს იწვა სისხლიანი. ერთი ეს მახსოვს, მაგდა დარბოდა ჩემ უკან. ბავშვი სად არის მეთქი ვკითხე და მაგდამ , მანქანაშიაო. ომარს თავი გავანებე და მანქანასთან მივვარდი, ბავში „სიდენიებს“ შორის იყო ჩაჭედილი. თბილი იყო ჯერ, „თოკო, თოკო!“ დავიწყე ყვირილი, ამ დროს მეზობლებიც მოვარდნენ.“
დედის, ლილი ქაფიაშვილის მტკიცებით, ერთადერთი მკვლელი არსებობს და ეს მაგდა პაპიძეა. კითხვაზე – გამოაქვს თუ არა ეს დასკვნა მაგდას პიროვნებიდან გამომდინარე, პასუხი უარყოფითია. ის მაგდას დადებით პიროვნებად იცნობდა. ლილი ქაფიაშვილის თქმით, მაგდა კარგი დედა იყო. თუმცა რა მოხდა და რატომ მოკლა შვილი, ჯერ-ჯერობით არ იცის.
ომარის დედა მკვლელობის ღამეს ბინაში მესამე პირის ყოფნას შემდეგი მიზეზით გამორიცხავს. „სხვა ვინმე რომ შემოსულიყო ოთახში, არ არსებობს, ვიღაცას არ დაენახა. არ არსებობს, პატარა ხმაური ყოფილიყო და ვიღაცას არ გაეგონა.“
მას ერთი ფაქტი აოცებს : „მაგდა ისეთი ემოციური იყო, ფეხი რომ წამოჰკრა ქმარს, როგორ არ დაიყვირა. თანაც იქვე იყო შუქის ჩასართველი, წამოკარი ფეხი, აანთე, ხომ შეგიძლია?!“
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის მეზობლები ომარ ქაფიაშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მაგდასაც ყველა კარგ დედად მიიჩნევს, თუმცა ამბობენ, რომ ჩაკეტილი იყო და მეზობლებში ახლო მეგობრები არ ჰყავდა.
მათი თქმით, იმ საღამოს მაგდას ქცევაში ერთი უცნაური დეტალიც შეამჩნიეს.
„არასოდეს სხვისი ჭიქიდან წყალს არ სვამდა ხოლმე. ამ დროს კი იმდენად იყო შეშინებული, რომ მეზობლის ჭიქა აიღო და წყალი დალია…. ამასთანავე შვილის ფოტოები არ უდევს „ფეისბუკში“. მაგდა ყოველთვის ჩაკეტილი იყო. ძალიანაც რომ გდომოდა საერთო ენას ვერ გამონახავდი“, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
საინტერესოა ომარ ქაფიაშვვილის ბიძის ვერსიაც. მისი თქმით, საეჭვოა მაგდას დედის წარსულიც.
„როგორც ჩვენ გვითხრეს, მაგდას დედა ნაციხარია. თავის დროზე მაგდას მამაც მოკლეს და ეს სწორედ დედამისს ბრალდება“, – ამბობს ომარ ქაფიაშვილის ბიძა.
წყარო “პრაიმტაიმი”