დაკავების დროს მაგდა პაპიძე ორსულად იყო, ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგმა ნატა ფირცხალავამ განაცხადა, რომელიც დღეს პროცესზე მოწმის სტატუსით დახურულ რეჟიმში დაკითხეს. გინეკოლოგის თქმით, პაპიძე თავდაპირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გასინჯეს და მას ორსულობა დაუდგინდა, ამასთან, მას გასინჯვის დროს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
„ორი-სამი კვირის ორსული იყო. განმეორებით 26 დეკემბერს გავსინჯეთ და ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდა. მიზეზს ვერ გეტყვით, თუ რატომ შეწყდა ორსულობა. მაგდა პაპიძემ თავად იცოდა, რომ იყო ორსულად და აინტერესებდა, ვითარდებოდა თუ არა ეს ორსულობა“, – განაცხადა ნატა ფირცხალავამ.