მადრიდი – ევროპის ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი თუ რამით არის გამორჩეული და ადამიანს იზიდავს, უთუოდ მისი მრავალფეროვანი, დახვეწილი, ნატიფი არქიტექტურაა, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.
მადრიდი სიძველისა და სიახლის შორის იდეალური შერწყმით და ბალანსის დაცვით დაიკვეხნის.
მადრიდის არქიტექტურული განსაკუთრებულობა განსხვავებული სტილისა და ეპოქის მკვეთრ სიმბიოზში აისახა. ეს განსაკუთრებით გამოხატულია ექსტერიერში – თუნდაც სასახლეებისა და პარკების მაგალითზე.
ძირითადი სტილია: მავრიტანული, გოტიკური, ბაროკო, ნეოკლასიკური, მოდერნი. ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შუასაუკუნოვანი შენობების ნახვა კი პლასა დელ სოლის სამხრეთ-დასავლეთითაა შესაძლებელი.
მადრიდის ქალაქმშენებლობა სპონტანური არ ყოფილა. შემთხვევითი არ არის, რომ ესპანეთის დედაქალაქს „გააზრებულ ქალაქს“ უწოდებენ.
დღეისათვის მადრიდი თანამედროვე ქალაქია. აქ იმპერიალისტურ არქიტექტურას თანდათან ულტრათანამედროვე, მრავალსართულიანი შენობები ენაცვლებიან. ეს განსაკუთრებით ქალაქის ჩრდილოეთით არსებულ ბიზნეს უბანზე ითქმის (აქვეა სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონიც).
მადრიდს კლასიკური ძეგლების გარდა (ისტორიულ პიროვნებების, საზოგადო მოღვაწეების), თანდათან ემატება სხვადასხვა სიმბოლიური დატვირთვის მქონე ქანდაკებები.
შესაშურია საცხოვრებელი სახლების (არამაღალსართულიანების) გარე ფასადი, თვალშისაცემია შენობების თავზე გაკეთებული გამწვანება, სადაც ლამის ბაღები აქვთ გაშენებული.
მოკლედ, მადრიდის ფართო ტროტუარებზე და სიმწვანეში ჩაფლულ ხეივნებში სეირნობას არაფერი ჯობს, როდესაც საითაც არ უნდა გაიხედო ყველგან ერთმანეთზე უკეთესი შენობები დგას და სწორედ მაშინ ხვდები თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალაქი.
აქ წარმოდგენილი ავტორის ფოტოები რა თქმა უნდა მადრიდს სრულად და მთელი თავისი დიდებულებით ვერ ასახავს, მაგრამ იმედია იმდენს მაინც იზამს, რომ ამ საოცარ ქალაქში გამგზავრების საღერღელი აგეშლებათ.
ვახტანგ დარასელია
მადრიდი – თბილისი