“მადლობას ვუხდი საქართველოს დიდ მეგობრებს და გულშემატკივრებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირებისთვის”, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონგრესმენების მიერ წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ აქტს ეხმიანება.
პრემიერის განცხადებით, ეს დოკუმენტი ადასტურებს და ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. გიორგი გახარია ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გერი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის. ამით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება”. – აღნიშნულია გახარიას მიმართვაში.
აშშ-ს კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი ხელახლა წარადგინეს.
გზავნილებსა და ძირითად მიმართულებებზე, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს, დღეს ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მას უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტი უწოდა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ აღნიშნული აქტი შესაბამის პროცედურებს გაივლის და დამტკიცდება.