LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადაგონი” თბილისის ბაზარზე აქტიურად შემოვა

2440

კომპანია „მადაგონი” ქსელის გაფართოებას და მომავალი წლიდან თბილისის ბაზარზე აქტიურად შემოსვლას გეგმავს. განიხილება დედაქალაქის მასშტაბით 2 რესტორნისა და 2 სუპერმარკეტის გახსნა. ობიექტები საბურთალოსა და ვაშლიჯვარში განთავსდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ამჟამად „მადაგონი” თბილისში რამდენიმე ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ლუდის ბარის სახით ( ვაჟა ფშაველას მე-7 კვარტ, 1 კორპ; ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილი 19/2,) და ერთი სუპერმარკეტით (ვაშლიჯვარი მუხრან მაჭავარიანის 65).

რაც შეეხება რეგიონებს, კომპანია გარდაბანში სუპერმარკეტს ფლობს, რუსთავში კი „მადაგონის” სუპერმარკეტები, ლუდსახარში, საკონდიტრო, პურის საცხობი, რესტორანი და ნახევარფაბრიკატების საწარმოა განთავსებული.

კითხვაზე, თუ რა გამოარჩევს „მადაგონს” ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დიდი ასორტიმენტის საკუთარი წარმოების გემრიელი პროდუქტია, რომელიც მხოლოდ „მადაგონის” დაწესებულებებში იყიდება.

”საკუთარი წარმოების გამო, გვაქვს შესაძლებლობა, კონკურენტებს კონკურენცია გავუწიოთ ფასის და არა ხარისხის ხარჯზე. ყველა ობიექტში გვაქვს მინი საცხობი, მინი საკონდიტრო და მინი სამზარეულო. პროდუქტი სწრაფად ხვდება დახლზე, რის ხარჯზეც ინარჩუნებს ხარისხს”, – აღნიშნავენ „მადაგონში”.

ცნობისთვის, „მადაგონი” 2008 წელს დაარსდა. კომპანია რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას მოიცავს, ესენია: სუპერმარკეტი, რესტორანი, ლუდსახარში, საკონდიტრო წარმოება, პურის საცხობი და ნახევარფაბრიკატების წარმოება. „მადაგონში” ჯამში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები