LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცივარტექნიკოსების სერტიფიცირება 2017 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო იქნება

113

მაცივარტექნიკოსების სერტიფიცირება 2017 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო იქნება.

როგორც “ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამას ითვალისწინებს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი.

კანონის შესაბამისად, ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ეკისრება სერტიფიცირების ვალდებულება. სასწავლო პროგრამის განხორციელებასა და შესაბამისი კადრის სავალდებულო სერტიფიცირებას უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობის პროგრამის (EAPIMP) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირებული პირველი 100 მემაცივრე-ტექნიკოსი უფასოდ გაივლის ტრენინგსა და სერტიფიცირებას.  სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. ტრენინგი მოიცავს, როგორც სამაცივრე-ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების ტექნიკურ და გარემოსდაცვით თემებს, ასევე იმ საკანონმდებლო/მაგრეგულირებელ საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომსახურე ტექნიკოსებისთვის.

სასწავლო პროგრამა გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრში 21 ნოემბერს ჩატარდება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. (10:00 საათიდან – 18:00 საათამდე)

სასწავლო პროგრამაზე დასარეგისტრირებლად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა http://bit.ly/2fAbqrv ან დაუკავშირდით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები