„ცივილიზებულ დემოკრატიაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია კანონიერად იბრძვის იმისთვის, რომ მოხვდეს პარლამენტში, ესენი პირიქით აკეთებენ – იბრძვიან, რომ პარლამენტიდან ქუჩაში წავიდნენ,“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ გადაწყვეტილებას, პარლამენტის სხდომების ბოიკოტის შესახებ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილს საზოგადოება, ასეთი არასწორი, უკუღმა კეთების პრინციპის გამო არ უჭერს მხარს.
„არჩევნების შედეგების მიხედვით, ისინი არიან დამარცხებულები და აქვთ განცდა, რომ როგორმე ქუჩის აქციებით ყურადღება მიიქციონ. ამ ყველაფერს არ ექნება ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან და არც აქვს, არ აქვს არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
ქვეყანაში შეიცვალა დღის წესრიგი უკვე, მას შემდეგ, რაც წელიწადში 3-ჯერ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობამ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა მომავალი წლების განმავლობაში, 2024 წლამდე მართოს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და ბუნებრივია, ჩვენ ვიქცევით საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“არ ვაპირებთ გავაგრძელოთ საპარლამენტო ცხოვრება” – ფრაქცია „ლელო“ ბოიკოტს აცხადებს