დეველოპერულმა კომპანია m2-მა თამარაშვილის ქუჩის 6 ნომერში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა. ენერგოეფექტური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა და კომპანია მესაკუთრეთათვის ბინების გადაცემის პროცესს იწყებს.
როგორც m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ აღნიშნა, ”m2 თამარაშვილზე” 270 ბინიანი კომპლექსია, რომელიც 2 ცხრამეტსართულიანი კორპუსისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაშია, რომ თითოეულ ბინას მთლიან ფასადზე გახსინილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი აქვს. პროექტს გამწვანებული გარემოც გამოარჩევს – კორპუსის გვერდით მრავალწლოვანი ნარგავები და სპეციალურად მოწყობილი სკვერია განთავსებული.
დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კომპლექსს საკუთარი დაცვის, დასუფთავების და გამწვანების სამსახური ეყოლება, რომელთა მომსახურებაც ერთი წლის განმავლობაში მობინადრეთათვის უფასო იქნება. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის, სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარით არის აღჭურვილი.
”m2 აგრძელებს თავის ტრადიციას და კიდევ ერთი პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. საცხოვრებელი კორპუსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. ”m2 თამარაშვილზე” მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირდაპირ გადავიდნენ, მათი მოთხოვნისამებრ სრულად გარემონტებულ ბინებში”, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპლექსში კვადრატული მეტრის ფასები 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე ვარირებს. ფასში სრულად გარემონტებული ბინები შედის, იტალიური სამზარეულოთი და ჩაშენებული ტექნიკით. მშენებლობის ბოლო ეტაპზე, თითოეული ბინის მფლობელს საშუალება ჰქონდა ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები თავად შეერჩია.
”m2 თამარაშვილზე” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. კომპლექსში ქართული ხმოვანი ლიფტებია დამონტაჟებული.
საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დედაქალაქის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, m2-ის ახალი კორპუსი თბილისისთვის ძალიან მნიშველოვანია.
”ეს კომპანია თბილისში დეველოპმენტის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია, უმსხვილესი ინვესტორი და უმსხვილესი დამსაქმებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი მშენებლობა ენერგოეფექტურია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. რაც შეეხება ფასებს, ფასებს ბაზარი განსაზღვრავს და, ვფიქრობ, ეს იმ საბაზრო წონასწორობის შედეგია, რომელიც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ფისირდება”, – განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.
m2-მა ამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2014 წლის 22 ივლისს განაცხადა. სამშენებლო სამუშაოები იმავე წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვეს გაგრძელდა. ”m2 თამარაშვილზე” საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაყიდვების მაღალმა ტემპმა m2-ს საშუალება მისცა აღნიშნული სესხი ვადაზე ადრე დაეფარა. პროექტის მთლიანმა საინვესტიციო ღირებულებამ 21 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის, კომპლექსში ბინების 75% გაყიდულია. ”m2 თამარაშვილზე” კომპანიის მიერ განხორციელებული მეხუთე წარმატებული პროექტია.