LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუკმა-პურის გულისთვის მომუშავეები მოსაკრებელს ვერ გადავიხდით” – რა ბედი ელით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს მგზავრთა გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. კანონპროექტი ასევე ავტოსადგურების სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს, ის ჯერ დასრულებული არ არის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დეტალების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

თუმცა, ცნობილია კანონპროექტის მიღების საჭიროების მიზეზები, რომელთა შორის ერთ-ერთ მთავარ საკითხად სამარშრუტო ქსელებსა და ავტოსადგურების მესაკუთრეთა შორის არსებული ქაოტური მდგომარეობა სახელდება.

არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილისსამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასეთივე უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ რესურსამოწურულ, იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის ნაწილში.

ეკონომისტები „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის რეგულაციები თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს სრულიად არაა საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ მძღოლების პროტესტი თავიდან იქნეს აცილებული. რამაზ გერლიანი არც იმას გამორიცხავს, რომ რეგულირების საწყის ეტაპზე მძღოლებმა სიახლე გააპროტესტონ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იყოს პარალიზებული, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობაზე აისახება ნეგატიურად, შემდეგ კი ეკონომიკას „დაარტყამს“.

„ინდივიდუალური ტრანსპორტი თუ სამარშრუტო ხაზები თავისთავად უნდა აკმაყოფილებდეს იმ მინიმალურ ნორმებს, რომლებსაც წარუდგენენ. თუ პირველ ეტაპზე მძღოლები ამას ვერ შეასრულებენ, მათ შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური ზარალიც ჰქონდეთ. ალბათ მათ მიეცემათ გარკვეული გონივრული ვადა, რა პერიოდშიც საკუთარი ტრანსპორტი შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. თუკი იმაზე საუბარი იყო, რომ გარკვეული მოსაკრებელიც უნდა დაწესდეს, არც ეს იქნება უცხო. არა მარტო საზოგადოებრივი, არამედ საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც უნდა მოვიყვანოთ ევროსტანდარტთან მიმართებით გარკვეულ წესრიგში. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი პერიოდი, ამიტომ, საიდანღაც უნდა დავიწყოთ. მგზავრებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ისეთი ტრანსპორტი, რომელიც უნდა იყოს მოწესრიგებულიც, მარტო უსაფრთხოება არაა საკმარისი. არის შემთხვევები, როცა მძღოლები ზოგჯერ გადიან, ზოგჯერ არ გადიან, ეს კი იწვევს ქაოსს. ამ საკითხის რეგულირება მგზავრთა ნაკადის მოწესრიგებას უფრო შეუწყობს ხელს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ რამაზ გერლიანმა.

კიდევ ერთი ეკონომისტი, გიორგი პაპავა კი ფიქრობს, რომ რეგულაციები რაც უფრო გამკაცრდება, მით მეტად ნეგატიურ გავლენას მოახდენს კონკრეტული ინდუსტრიის განვითარებაზე. პაპავა ამბობს, რომ დღეს სერვისის მომხმარებლისთვის შეთავაზება შედარებით მარტივად ხდება, რითაც საზოგადოება კმაყოფილია, მაგრამ როცა მძღოლები ვალდებული იქნებიან, აიღონ ლიცენზია, შემდეგ შეაკეთონ მანქანა, გადაიხადონ გარკვეული რაოდენობის თანხა ან მოსაკრებელი, ეს ყველაფერი საბოლოოდ გადაწონის მგზავრობიდან მიღებულ ღირებულებას, რაც ეკონომისტის შეფასებით, უკვე ფინანსურ წაგებას ნიშნავს.

„ზოგი მოქალაქე მეტს იხდის იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოს, ზოგი – შედარებით ნაკლებს, შესაბამისად, შედარებით ნაკლები სერვისით სარგებლობს და ზოგი დაბალ თანხას – რაც თავისთავად დაბალ მომსახურებას გულისხმობს. ანალოგიურად ხდება საქალაქთაშორისო მგზავრობის დროსაც. მათი ფასი მომსახურებასთან შესაბამისობაშია და სხვათა შორის, მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპს ეფუძნება. როდესაც ჩვენ რეგულაციებს ვიღებთ, რაც უფრო ვამკაცრებთ ამ რეგულაციებს, ნელ-ნელა კონკურენციას ვამცირებთ ამ სექტორში, ეს კი იმ ადამიანებზე, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს, ნეგატიურად აისახება. ჯერჯერობით ამ რეგულირების ეფექტის შეფასება რთულია,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი პაპავა.

ეკონომისტების მიერ დასახელებული ერთ-ერთი ვერსიით, ახალი კანონპროექტი შესაძლოა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებისთვის მოსაკრებელის დაკისრებას ითვალისწინებდეს. აღნიშნულს კი, მძღოლები კანონპროექტის განხილვამდე აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დამატებითი ხარჯები მათ არათანაბარ პირობებში ჩააყენებს და კონკურენციაც დაიწევს, რაც თავისთავად შეაფერხებს საქალაქთაშორისო მოძრაობას. მძღოლთა ნაწილი „ფორტუნასთან“ საუბრისას თანხმდება, რომ ავტოტრანსპორტმა მხოლოდ და მხოლოდ გამართულ მდგომარეობაში უნდა იმოძრაოს.

„რა თქმა უნდა, ყველა მანქანა აუცილებლად უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მაგრამ რაც შეეხება მოსაკრებელს, ვიღაცას მეტი აქვს და გადაიხდის, რა დავაშავეთ იმათ, ვისაც არ გვაქვს და ლუკმა-პურის გულისთვის ვმუშაობთ? თვითონ მძღოლმა ნება უნდა იბოძოს და თავად მოაწესრიგოს მანქანა იმის გამო, რომ მერე ძალით არ შეგვამოწმებინონ, შეიძლება ვიღაცის მანქანა გაუმართავი აღმოჩნდეს და ყველას მოგვიწიოს მოსაკრებლის გადახდა. აქ ვინც გამოივლის, წელიწადის ნებისმიერ დროს ქაოტური მოძრაობაა. 

ასე იყო და ასე იქნება სულ. არამგონია, რაიმე კანონმა ან რეგულაციამ უშველოს. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში აჯანყება მარტო მძღოლებისგან კი არ იქნება მოსალოდნელი, აჯანყება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ წამშია მოსალოდნელი, ასე რომ, მაგას ვერ გაიგებთ, აჯანყებას მძღოლები დავიწყებთ თუ ჩვენი მგზავრები!“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც სახელს და გვარს არ ამხელს.

„ნებისმიერი სახის რეგულაცია ჩვენს პროტესტს გამოიწვევს. ხან რას კრძალავენ და ხან რას. ამ საქმეში იმდენი არ იშოვება, რომ მანქანა ბოლო დონეზე გყავდეს მოწესრიგებული. მძღოლს რომ უნდა, თავისი მანქანა მოწესრიგებული იყოს, ისე ხო არავის უნდა, არა?! მთავრობამ ხალხს თვითონ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ ეს ზედმეტი რეგულაციები აღარ გახდეს საჭირო. პირველ რიგში, გზებს მიხედონ!“  – ამბობს მძღოლი, ლევან ნოზაძე.

კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

 

თათია კაკიაშვილი