საქართველოს მასშტაბით ”ლუკა პოლარეს” ყველაზე დიდი ფილიალი ბათუმში გაიხსნება. ობიექტი 90 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და აქ 35-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ბათუმის ”ლუკა პოლრეს” ფილიალი 23 ივლისს, 17:00 საათზე ი. აბაშიძის 3 ნომერში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
”თავისი არსებობის 8 წლის თავზე. ჩვენი სანაყინე თბილისის გარდა, უკვე რეგიონშიც იქნება წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, რომ ის მოლოდინები, რომელიც მის გახსნასთან დაკავშირებით გვაქვს, გამართლდება. ბათუმში მუდმივად იყო მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე, გვწერდნენ კომპანიის ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე და გვეკითხებოდნენ გავხსნიდით, თუ არა ობიექტს მათ ქალაქში ”, – განაცხადეს ”ლუკა პოლარეში”.
მათივე ცნობით, ობიექტის შენობაშივე განთავსდა ნაყინის ლაბორატორია და საცხობი, შესაბამისად, პროდუქცია ადგილობრივად დამზადდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია გაფართოებას დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კვლავ გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ქალაქში განთავსდება ”ლუკა პოლარეს” კიდევ ერთი რეგიონული ფილიალი.
ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ ქართული ბრენდია და ის ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. კომპანიამ მომხმარებელს იტალიური და გერმანული რეცეპტებით დამზადებული ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები შესთავაზა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ნაყინს უმაღლესი ხარისხის ნედლეულითა და ბუნებრივი არომატიზატორებით ამზადებენ.
ამ ეტაპზე ”ლუკა პოლარე” მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი და 4 ფილიალს ფლობს.