„სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია,“ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი, 30 000 ლარით დაჯარიმდა. ბენდელიანის განმარტებით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში – სასტუმროებშია გაყვანილი.
„დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვითაა განპირობებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ, არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს არ შეეგუება,“ – განაცხადა მერის მოადგილემ.
როგორც მანვე თქვა, აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება. ამასთან, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პრობლემის დასადგენად დეტალური ექსპერტიზა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, როგორც ეს დედაქალაქის მერის მოადგილემ აღნიშნა, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს მუნიციპალიტეტი იქამდე აანაზღაურებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება.
თავად ამ ფაქტზეც, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება უკვე მოხდა და კომპანია დაჯარიმებულია 30 000 ლარით, თუმცა, ეს არ არის ის სანქცია, რომლითაც კომპანიის პასუხისმგებლობა მოიხსნება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მისი თქმით, კომპანიის პასუხისმგებლობაა და ეს უშუალოდ მერიის ჩართულობითაც მოხდება, რომ იქ გამოწვეული ზიანი, რაც მოსახლეობას მიადგა, იყოს გამოსწორებული.
„ამ კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული შედეგების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნებისმიერ მსგავს არასწორად ჩატარებულ სამუშაოზე მუნიციპალიტეტის მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა