პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.
საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ „ეს არის სახელისუფლებო თვითნებობა და ძალადობა“. მისივე განმარტებით, ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა ის, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეძლო, რომელიც არ ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს და მის მსტოვრებს საქართველოს მთავრობაში და საქართველოს პარლამენტში.
კორძაიას განმარტებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოიყენებს, პარლამენტს ამის დაძლევის საშუალება აქვს და პრეზიდენტს არ მიაქცევენ ყურადღებას.
„ანრი ოხანაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს. ეს პირდაპირ უკავშირდება იმ განცხადებებს, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მიხეილ სააკაშვილის და არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით აკეთებდა.
ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა ის, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეძლო, რომელიც არ ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს და მის მსტოვრებს საქართველოს მთავრობაში და საქართველოს პარლამენტში. ეს არის რეალობა.
რას აკეთებს დღეს ქართული ოცნება: 2017 წელს მიღებული კანონის, შეცვლის მოტივაციაა. არსად ევროპაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო ინსპექტორი და მსგავსი ფუნქციები ერთად არ არის და ჩვენ ის უნდა გავმიჯნოთ. ამაზე არასამთავრობოები მაშინ გველაპარაკებოდნენ და ეხლა აქეთ გვეუბნებიან იმას, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კანონის მიღებისას გვეუბნებოდნენ. დღეს ამ პრინციპებით გვეუბნებიან, რომ უნდა შევცვალოთო. უნდა გამოვრიცხოთ და დავაზღვიოთ ინტერესთა კონფლიქტი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის საზედამხედველო ფუნქციასა და გამოძიებას შორის, მაგრამ, როდესაც ვსვამთ შეკითხვას, რომ 3 წლის განმავლობაში თუ მოხდა კვეთა? რაიმე თუ გამოიკვეთა ისეთი, რომ ვერ შეასრულა ფუნქცია და ა.შ. პასუხი მათ არ აქვთ.
გარდა ამისა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გვინდა მივიღოთ კანონი და ევროპული სტანდარტის შესაბამისად, ამ ხარისხის რეფორმა ერთ დღეში არ ხდება. ხვალ და ზეგ უნდათ, რომ ეს კანონი მივიღოთ, რომ მერე მომდევნო წლიდან კონკრეტული ადამიანი არ იყოს თანამდებობაზე.
ეს არის ყველანაირი კონსტიტუციური უგულებელყოფა, თვითნებობა, რადგან ყველა თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ამ უწყებაში, ტოვებენ უმუშევარს, გასაჩივრების უფლების წართმევითაც კი. პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას.
ის, რომ ასეთი მაღალი იმუნიტეტის მქონე თანამდებობის პირი შეუძლიათ გაუშვან კანონის ერთი მიღებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციას არღვევენ და უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ამაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ რეფორმა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის შრომითი უფლება შელახო, ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი ამ ქვეყანაში რამეს ნიშნავს. იმუნიტეტის არსი ისაა, რომ როდესაც თანამდებობაზე ხარ, ვიღაცას რომ არ მოეწონება თქვენი გადაწყვეტილება, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაგიშვან დაკავებული თანამდებობიდან. დღეს ამას აკეთებენ, რადგან ლონდა თოლორაიას არ აქვს იმპიჩმენტის საფუძველი. ამ ქალს კანონი არ დაურღვევია, ინტერესთა კონფლიქტი არ გამოუვლენია, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, შესაბამისად მისი პერსონალურად მოშორების გზაა ვერ ნახეს და გადაწყვიტეს რეფორმას ამოეფარონ და ასე გაუშვან ეს ადამიანი სამსახურიდან. ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს ცვლილებები. ამიტომ თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ რეფორმის ეგიდით არ შეიძლება ადამიანის უფლებები შელახო ამ ქვეყანაში დღეს დგანან და გველაპარაკებიან იმას, რასაც სამი წლის წინ ჩვენ ვეუბნებოდით და თავზე გვახევენ საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენივე არგუმენტებს გვიბრუნებენ სამი წლის მერე, როდესაც მათთვის არასასიამოვნო პერსონა აღმოჩნდა ამ თანამდებობაზე.
არ გამიკვირდება ხვალ რომ შემოგვთავაზონ სახალხო დამცველის ალტერნატიული ორგანო, რომელიც უბრალოდ გადაწევს გვერდზე ნინო ლომჯარიას, რადგან ის ერთადერთი ადამიანია, ვინც კონსტიტუციის პრინციპებს იცავს და საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებს. ეს არის სახელისუფლებო თვითნებობა და ძალადობა.
თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოიყენებს, პარლამენტს ამის დაძლევის საშუალება აქვს. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართულმა ოცნებამ არაერთხელ დაძლია ვეტო. ამის პრობლემა არ აქვთ.
დღეს გვეუბნებოდნენ, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამის კანონმდებლობას ვიღებთო, მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროპელებიც უარყოფითად აფასებენ ამას და ამერიკის ელჩმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ გადადეთ ეს პროცესიო.
პრეზიდენტს რა თქმა უნდა არ მიაქცევენ ყურადღებას. მათთვის მთავარია მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები და კანონები, რომლის ფარგლებშიც ყველა მოქალაქეს სათითაოდ ეტყვიან, რომ თუ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ – მოგაშთობთ. ეს იქნება სამსახური, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ეს არის ძალის დემონსტრირება ხელისუფლების მხრიდან, რომ ნებისმიერი განსხვავებულ;ი პოზიცია, ნებისმიერი მორჩილება და კანონის პატიოსნად დაცვა ჩვენს ქვეყანაში ხდება დასჯადი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.