LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია: “წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემაზე, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკასა და ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე

98
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ საჯარო განხილვას მართავს.

ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.

ნინო ლომჯარიას თქმით, დღევანდელი ღონისძიება ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რომლებიც ევროკავშირს აქვს გაცემული საქართველოს მიმართ.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე. მე 2020 წელს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე წარმოვადგინე ანგარიში, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას კრიმინალურ სუბკულტურას და იმ გამოწვევასა და პრობლემებს, რაც ახლავს ამ სისტემის არსებობას პატიმრებისთვის.

მაშინ სახალხო დამცველი გახდა დისკრედიტაციის, თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ციხეებშიც ჩვენ გვექმნებოდა პრობლემები გარკვეული პატიმრების მხრიდან, რომლებიც კოორდინირებულები იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან და ამ გამოწვევების საპასუხოდ „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური ვიზიტი ქართულ ციხეებში და დღეს სწორედ მათ ანგარიშს მოვისმენთ.

მოხარული ვარ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები და დასკვნები ძირითადად ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში.

ამ ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის განსხვავებაზე და ა.შ.

ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა ვისაუბროთ, როგორ გადავწყვიტოთ, რადგან ციხის კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული მმართველობა პრივილეგირებულ პატიმრებზე არის ძალიან დიდი პრობლემა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტს ექნება აღნიშნული ანგარიშის შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა.

„პირადად მე ყოველთვის მომხრე ვარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა.

 სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკაში და არა მხოლოდ პოლიტიკაში ხშირად, მათ შორის პოლარიზაციის განმსაზღვრელიც არის ხოლმე, რომ დისკუსია იწარმოება არა მტკიცებულებებზე დაფუძნებით და ფაქტებზე დაფუძნებით, არამედ აღქმებსა და შეფასებებზე, ამიტომ თავისთავად, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშიც ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორედ ის მტკიცებულებები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა, გავაანალიზოთ და აქედან გამომდინარე ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ.

რაც შეეხება დღევანდელ დისკუსიას, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ორგანიზებისთვის, „სიპიპის“ წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან მალე, ამიტომ შესაძლებლობა გვექნება, რომ არ ვიცი, რამდენი განზომილება გამოდის, მაგრამ ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით არის ორი მთავარი თემა.

„ერთი გახლავთ ზოგადად ადმინისტრაციის დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. ამ კუთხით აღინიშნა მათ შორის „სიპიპის“ დასკვნაშიც, მე რამდენადაც გავეცანი, ამ კუთხით შენიშვნები მათი მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე არ არის.

სახალხო დამცველმაც ეს დაადასტურა დღეს. არის მეორე მიმართულება, რომელიც შეეხება უკვე შიგნით პატიმრებს შორის არსებულ ურთიერთობებს. აქაც, როგორც ვხვდები, დახურული ტიპის დაწესებულებების მიმართ პრეტენზიები არ არსებობდა. შენიშვნები „სიპიპის“ მხრიდან, უხეშად რომ ვთქვათ, შეეხება ნახევრად ღია დაწესებულებებს, სადაც უფრო ინტერაქციის შესაძლებლობაა. თავისთავად ამასთან დაკავშირებითაც გვექნება საუბარი, სად არის ის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები