სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნა გააცნო და თქვა, რომ არსებითი ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა.
როგორც ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ძირითადად პაციენტი მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფება, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე.
სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილთან 5 ექიმის მონაწილეობით, 3 ვიზიტი განხორციელდა, კონსილიუმის განხილვებში მონაწილეობას 8 ექსპერტი იღებდა და დასკვნას ხელს 8 ექსპერტი აწერს.
„სახალხო დამცველის ექიმთა, სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეამოწმა, ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ განახორციელა. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის შემაჯამებელ ანგარიშს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, რომელიც განხორციელდა 23 ნოემბრის შემდეგ, 12 დეკემბერს და 11 იანვარს, არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გავეცით.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, აღნიშნული სამედიცინო სერვისის და დახმარების მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, რადგან სამმა ვიზიტმა უკვე დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები არის შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.