LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოდინის გონივრული ვადა ამოიწურა, დროა ხელისუფლებამ კითხვებს პასუხი გასცეს: ვარლამ გოლეთიანი

93
ვარლამ გოლეთიანი

“რიონის ხეობის მცველისა” და სამოქალაქო აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ლოდინის გონივრული ვადა ამოიწურა და დროა, ხელისუფლებამ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც გუბერნატორებთან და დეპუტატებთან შეხვედრის დროს დაისვა.

“ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი საკითხის განხილვა პრემიერთან დღესვე მოხდება და პარასკევს მათი პასუხი გვექნება, დაველოდებით პარასკევ დღეს,” –  განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა,  დღეს “რიონის ხეობის მცველს” გუბერნატორი დაუკავშირდა და უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრი იზოლაციიდან გუშინ გამოვიდა, შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ დრო ეს საკითხები ირაკლი ღარიბაშვილთან განეხილათ.

“დრო, რომელიც გადის, მათთვის არ მუშაობს. ლერი ბარნაბიშვილს დღესაც დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ თუკი ამას კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები დაემატება, აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს საშუალება არ ექნებათ, მოვიდნენ ჩვენამდე ან თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს ბუნებრივია, გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ დრო შეგნებულად გაწელა, შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა ჩვენი პროტესტის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

მათ თქვეს, ამ საკითხის განხილვა პრემიერთან დღესვე მოხდებადა და მათი პასუხი პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადასცილდება, ჩვენ დაველოდებით პარასკევ დღეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დასმულ შეკითხვაზე – რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების მხრიდან პირობები არ შესრულდება, სამოქალაქო აქტივისტმა თქვა, რომ თუ პირობები არ შესრულდება, რაც გულისხმობს  “ნამოხვანის” მიმართულებით თავისუფლად გადაადგილებასა და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ და წავალთ ფართო მასშტაბიანი აქციების გზით, რის შემდეგაც პროცესი კიდევ უფრო დაიძვრება “, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.