11 მაისს, პოპულარული უკრაინელი მომღერალი Loboda თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გრანდიოზული სოლო კონცერტით წარდგა. საქველმოქმედო კონცერტზე მომღერალმა მილიონობით ადამიანის საყვარელი ჰიტები და ასევე ახალი ალბომიდან Made in U სრულიად ახალი სიმღერები შეასრულა.
შემსრულებელმა წარადგინა ასევე პერფორმანსი, რომელიც სპეციალურად ქართული მაყურებლისთვის მოამზადა – მასში მონაწილეობას ქართველი მოცეკვავეები იღებდნენ. შოუ კონცერტის სტუმრებისთვის მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.
„საქართველო! ეს არის ქვეყანა, სადაც ბევრი სიყვარული და სტუმართმოყვარეობაა, სადაც ისე ცეკვავენ და მღერიან თითქოს ეს უკანასკნელი იყოს, სადაც იმდენი ჩემი მეგობარი ცხოვრობს, რომ თითქოს ერთი ხელის ჩამორთმევის შემდეგ ყველას ვიცნობ.
თბილისში წარმოუდგენელი კონცერტი გაიმართა. ახლაც ვგრძნობ 11 მაისის საღამოს ენერგიას და ჩემში განცდილ ემოციებს.
მადლობა, თბილისო!“ – loboda
ახალი ალბომის Made in U-ის წარმატებამ, რომელიც არტისტმა თბილისის კონცერტზე წარადგინა, პრეზენტაციიდან რამდენიმე კვირაში საერთაშორისო მასშტაბებს მიაღწია. ალბომში შესული სიმღერები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 50 ყველაზე პოპულარული ალბომის სიაში შედის.
აღსანიშნავია, რომ Loboda თითოეულ კონცერტზე შემოსული თანხის ნაწილს მშობლიური ქალაქის ირპინის აღდგენისთვის რიცხავს. ხოლო ალბომის გაყიდვით შემოსული თანხები კიევის რეგიონში ირიცხება და მოხმარდება სახლების აშენებას იმ მედდებისთვის, რომლებმაც ომის დროს ყველაფერი დაკარგეს.