LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონი ველოსიპედისტთა ქალაქად უნდა გადაიქცეს

59
lisabonbyclty

ლისაბონში 200 კილომეტრის სიგრძის ველობილიკის დაგება იგეგმება. მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო და 150 კმ–ს კეთილმოწყობა ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული მონაკვეთის დიდი ნაწილი საავტომობილო გზების გასწვრივ განთავსდება.

მთელი პროექტის ვადა კი 2021 წლის დასასრულამდეა. ახალი ველობილიკი ძირითადად მაგისტრალს მიუყვება და მის სიახლოვეს მომავალში ველო–პარკინგების მოწყობაც იგეგმება. პარკინგი სრულიად უსაფრთხო იქნება და მასზე 8 ათასამდე ველოსიპედისთვის იქნება ადგილი გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ახალ ველობილიკებთან ერთად ლისაბონში ტროტუარების გაფართოებაც დაიწყეს და მომავალში ავტომობილების სავალი ნაწილის კიდევ უფრო შემცირება იგეგმება. ხელისუფლებას სურს, რომ ავტო–პარკინგების ადგილას მწვანე ზონები მოაწყოს. 2020 წლის ბოლომდე 100–მდე პარკინგის „გამწვანება“ იგეგმება.

ლისაბონის მერიამ ცვლილებების დასაწყებად კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დრო გამოიყენა. ქუჩები დაცარიელდა და ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად დაიწყო. გადაწყდა, რომ უპირატესობა ეკოლოგიური ტრანსპორტის მომხმარებლებს მიენიჭოს და გარდა ველოსიპედისტებისა ახალი ბილიკით სარგებლობას ელექტროსკუტერების და გიროსკუტერების მფლობელებიც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაბიჯები გადაიდგა ასევე სხვა ევროპულ ქალაქებშიც. ბრიუსელში 40 კილომეტრის სიგრძის ახალი ველო–ბილიკი გაჩნდა, მილანში – 35 კმ. სიგრძის, ხოლო პარიზში 2024 წლამდე თითქმის ყველა ქუჩის გადაკეთება და ველოსიპედისტთათვის კომფორტის შექმნა უნდა მოესწროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები