ლიპოლიტიკი – ცხიმის დაშლა არაქირურგიული გზით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-კოსმეტოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა.
რა არის ლიპოლიტიკი?
ლიპოლიტიკი არის საინექციო მეზოპრეპარატი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოვიშოროთ სახესა და სხეულზე არსებული არასასურველი ცხიმი.
ლიპოლიტიკით კორექცია გახლავთ ნატურალური ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებების გამოყენება, კონკრეტულ უბანზე ინექციის დახმარებით. შეიძლება ითქვას, ლიპოლიტიკი არის ლიპოსაქცია ქირურგიული ჩარევის გარეშე.
როგორ მოქმედებენ ლიპოლიტიკები?
ლიპოლიტიკები ახდენენ კანქვეშ არსებული არასასურველი ცხიმების დაშლას, ააქტიურებენ ეგრეთ წოდებულ ლიპოლიზს. სახისა და სხეულის კორექციის სხვადასხვა მეთოდებიდან მნიშვნელოვანია სწორედ ლიპოლიტიკების როლი. ლიპოლიზი ეს არის ცხიმის დაწვის გააქტიურება ხელოვნური გზით, როგორიც არის ლიპოლიტიკი.
პრეპარატში შემავალი ერთ-ერთი ფერმენტი, ლიპაზა ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას ცხიმის წვის პროცესში, აქედან გამომდინარე იგი გავლენას ახდენს ლოკალურად ცხიმის ჩალაგების პროცესზე.
პრეპარატების შეყვანა ინექციურად, საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცედურაა ნებისმიერი მომხმარებლის ორგანიზმისთვის, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ პრეპარატებს. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი ჯგუფის ლიპოლიტიკები. ასევე არის პრეპარატები, რომლებიც მცენარეულ და ფერმენტულ ფუძეზეა დამზადებული, ლიპოლიტიკებს რა თქმა უნდა აქვს თავისი უკუჩვენებები, ამიტომ პაციენტის ანამნეზი კარგად უნდა იყოს შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ დაინიშნოს პროცედურა.
რომელია ყველაზე მოთხოვნადი ზონა?
ლიპოლიტიკებს ხშირად ვიყენებთ სახეზე-ღაბაბის საკორექციოდ, ბრილების მოსაშორებლად ,ლოყებზე არსებული ზედმეტი ცხიმის საკორექციოდ, ასევე ხდება კლიმაქტორული კუზის დაშლაც. მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ცხიმის დასაშლელად, ასევე საკორექციოდაც ვიყენებთ ლიპოლიტიკებს, ცელულიტთან საბრძოლველად, ლიმფოდრენაჟისა და ქსოვილების გასამკვრივებლად-ლიფტინგისათვის.