ლიმონათი ”ხილიანი” ახალ საექსპორტო ბაზრებზე გავა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ვარაზ ასპანიძემ განუცხადა, ქართულმა ლიმონათმა დუბაიში გამართულ გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხო ქვეყნების ინტერესი გამოიწვია.
”დაგვიკავშირდნენ ალჟირიდან, დუბაიდან, საუდის არაბეთიდან, ჩინეთიდან და პალესტინიდან, სადაც ახლო მომავალში ჩვენი პროდუქციის ექპორტი განხორციელდება. მოლაპარაკებები დასრულებულია და ფაქტობრივად, უკვე შევთანხმდით. ახლა მიმდინარეობს ტრანსპორტირების გზების დასახვის პროცესი. ჩინეთსა და ალჟირში უკვე მაისში გავალთ, დანარჩენ 3 ქვეყნაში კი – ოდნავ მოგვიანებით, სავარაუდოდ შემოდგომისკენ”, – აღნიშნა ასპანიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. მაისის თვიდან ”ხილიანის” ლიმონათი უკვე ალუმინის ქილებში გამოჩნდება. ”პროდუქციას ვამატებთ ახალ ხაზს. ჩვენი ლიმონათის აბსოლუტურად ყველა სახეობა ჩამოისხმება ალუმინის ქილებშიც და ექნება მომხმარებლისთვის მისაღები ფასი. გარდა ამისა, ვგეგმავთ დიზაინის რებრენდინგსაც, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
ლიმონათის საწარმო 2015 წლის ივლისში, პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა და მასში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.