LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილუაშვილი: ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება, შიდა პოლიტიკაში ჩარევა და დაძაბულობის ხელშეწყობა, საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს წარმოადგენდა

46
lll-2019-09-03_18-07-18_637190

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვა, სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანება, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანა, შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობა, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით დაინტერესებული ძალების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა.

ლილუაშვილის თქმით, მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები ასევე, მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისაკენ.

„მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციული გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მათ შორის, სოციალური ქსელების, ვებ-გვერდების, ინტერნეტ ტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით, აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითაც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობის და დისონანსის შეტანას.

ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალები ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ. ცალკეული ჯგუფების მიერ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ და ძალადობრივ მოწოდებებს. ქვეყანაში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზებისათვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით. ფიქსირდებოდა მცდელობები, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების შეფერხებისა და დესტაბილიზაციის შექმნისკენ. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები