”ლილო მოლი” 25 წლის იუბილეს უამრავი სიახლით ეგებება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 19 მაისს განახლებული „ლილო მოლი“ მომხმარებელს შესთავაზებს შოპინგ ფესტს დიდი ფასდაკლებით, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სასაჩუქრე ვაუჩერების გათამაშებით, მოძრაობის თეატრის კარნავალითა და სხვა გასართობი ღონისძიებებით. ამ დღესთან დაკავშირებით ტრანსპორტი და პარკინგი ტერიტორიაზე უფასო იქნება.
”19 მაისიდან ასევე საშუალება გექნებათ, „ლილო ტვ“-ს მეშვეობით, თვალი მიადევნოთ „ლილო მოლში“ მიმდინარე მოვლენებს, უყუროთ საინტერესო გადაცემებს და მოისმინოთ სასარგებლო რჩევები. შეძლებთ, შინიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და შეიძინოთ „ლილო მოლში“ წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია”, – განაცხადეს მოლის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, განახლდა კომპანიის ვებ-გვერდი და დამზადდა მობილური აპლიკაცია, რომელიც „ლილო მოლში“ მისულ სტუმარს მეგზურობას გაუწევს. ”შეძლებთ თქვენს ანდროიდსა და ios-ში „ლილო მოლის“ მობილური აპლიკაციის გადმოწერას, რომელშიც მიუთითებთ სასურველ მაღაზიას, ან პროდუქციას ნავიგაციის ნომრის მიხედვით და გაეცნობით მარშრუტს სასურველ ადგილამდე მისასვლელად. აღნიშნული იქნება თქვენი ადგილმდებარეობაც: ნებისმიერ დროს შეძლებთ იმაში დარწმუნებას, სწორედ მიჰყვებით თუ არა მარშრუტს. ამრიგად, „ლილო მოლის“ 350 000 კვ. მ. ტერიტორია თქვენს მობილურში აღმოჩნდება”,- აღნიშნეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, „ლილო მოლი“ ბეჭდავს ჟურნალსაც (კატალოგს), რომელიც მომხმარებელს გააცნობს „ლილო მოლში“ წარმოდგენილ პროდუქციას, ფასისა და მაღაზიის ნომრის მითითებით. ამასთან, 18 მაისიდან „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ახალი ავტოსადგური („ლილო ჩარტერი“) ამოქმედდება, განხორციელდება მარშრუტები თბილისის სხვადასხვა რაიონიდან.
რეისები ქვეყნის შიგნით: ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბორჯომის, ახალციხის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თელავის მიმართულებით; საერთაშორისო რეისები: მოსკოვის, ვლადიკავკაზის, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით.