”ლიბერთი ბანკი” მისი შესაძლო გაყიდვის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:
”ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება – 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული). ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს, და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა და ბანკი მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ სავარაუდო ან შესაძლო გარიგებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს”, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
“ჩვენ ახლა ვუყურებთ “ლიბერთი ბანკს”. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ამ ბანკში საკონტროლო პაკეტი ვიყიდეთ”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.