დღეს, საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ “თბილისის პრაიდის” მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რაც ქვეყანაში ხდება, ის ძალადობას და მორალურ ტერორს არქმევს.
ქორეპისკოპოსის თქმით, გარკვეული ჯგუფები ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ ერს ძალით მოახვიონ თავს ის, რაც მათთვის მიუღებელია. მეუფე იაკობმა ქადაგებაში თქვა, რომ ამ ჯგუფმა კარგად უნდა გაიაზროს, რა შეიძლება მოჰყვეს არსებულ დაპირისპირებას. მისი თქმით, ლიბერალური ძალები უკვე “ზედმეტებში” გადადიან.
“ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს. იმიტომ რომ ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება ეგეც არავის არ უნდა. იმიტომ რომ ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია.
“ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის,”-თქვა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ყველამ კარგად იცის, საზოგადოების დიდი ნაწილი რა არჩევანსაც გააკეთებს. მეუფე იაკობი ამბობს, რომ საზოგადოების დაპირისპირებაში უკვე პოლიტიკოსებიც ერევიან, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
“ჩვენ კარგად ვიცით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ერის ძალიან დიდი ნაწილი რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ მე მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე,როგორც ცხოვრობენ, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ ასეც არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ როგორც ხედავთ პოლიტიკოსები ერევიან ამაში და ერთი მხარი ასე ვთქვათ თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ. მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს და იმიტომ ვლაპარაკობ. უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ძლიერებაზე და არა იმაზე, რომ რაღაცეებზე ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ,“-აღნიშნა მეუფე იაკობმა.