მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.
მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ახლობლები ერთმანეთს დღეს ორჯერ დაუპირისპირდნენ – ერთხელ სხდომის დაწყებამდე, მეორე კი – სასამართლოს საპირფარეშოში.
„შესვენებაზე გამოვედით და შევდიოდი ტუალეტში, როგორც კი კარი გავაღე შემეფეთნენ ლანა და დედამისი. არაფერი მითქვამს, შევედი თუ არა, ლია შამუგია იდგა წინ და დამარტყა სახეში,“ – ამბობს დარეჯან მინდიკაური.
დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერივნენ, სიტუაციის განმუხტვა მანდატურის სამსახურმა შეძლო.
დარეჯან მინდიკაურის ახლობლების ინფორმაციით, დაპირისპირება ლია შამუგიას და ლანა პაპიძის პროვოცირებული იყო. შამუგია და პაპიძე კი ამბობენ, რომ დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრებმა დაიწყეს.