LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევილის მამულის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებულია

91

საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებულია. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარიტეტულმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა, ამჟამად კი ჯერი მიდგა საფრანგეთის მხარეზე.

დუმბაძის განმარტებით, ქართულმა მხარემ საფრანგეთს შესთავაზა, რომ ლევილის მამულის ნოტარიული გადმოცემის საკითხი 20 სექტემბრამდე დასრულდეს.

„შენარჩუნდება მამულის ისტორიულ-კულტურული პროფილი და ასევე სამომავლოდ ჩვენი ხედვით, იქ მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, რაც ნიშნავს იმას, რომ მამულში პროფილის დაცვით მივლინებული იქნებიან ქართველი მკვლევარები, მაგისტრანტები, დოტქორანტები, ისინი იმუშავებენ პროფილურ თემებზე. დარჩებიან და გამოიყენებენ ლევილის შატოს შენობას საცხოვრებლად და შეისწავლიან ისტორიულ და კულტურულ თემებს“ – განაცხადა დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დიასპორის სამინისტრო 27-28 მაისს ატარებს პროფესიულ დიასპორულ ფორუმს, სადაც მიწვეული არიან ქართული ოჯახების წარმოამდგენლები საფრანგეთიდან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

„მათ შეეთავაზებათ წინასწარგანზრახულობათა აქტზე ხელის მოწერა. დღესდღეობით არის გარკვეული ვადა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ თქვა, რომ მათ დასჭირდებათ მინიმუმ ორი თვე, რათა სათანადო დოკუმერნტები მოამზადონ ხელმოსაწერად. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც შევთავაზეთ 20 სექტემბერი ბოლო ვადად“ – განაცხადა დისპორის მინისტრმა.

მისივე თქმით, გადმოცემის შემდეგ მამულს და შატოს მომდევნო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო და კეთიმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ გამოყო 107 ათასი ლარი მამულის წინასწარი დიაგნოსტიკური სამუშაოებისთვის, ასევე დაიდო მამულის შემდეგომი მოწყობის ხედვა და ჩვენ ყველა საკითხი შევუთანხმეთ პირველი რესპუბლიკის წევრთა შთამომავლებს. ვფიქრობ ქართველი ხალხისთვის ეს დაბრუნება იქნება დიდი ინსპირაცია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ასევე მშვიდობიანად, უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნებისთვის“ – აღნიშნა დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები