სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე მშენებლობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლის ფარგლებში. როგორც ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ის შენიშვნები წარმოადგინეს, რომლებიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებით ქონდათ.
„ჩვენ დღეიდან კვლავ ვაგრძელებთ შეხვედრების ფორმატს, რომელიც გასულ წელს დავამკვიდრეთ. ამ შეხვედრების ფორმატში ვიმსჯელებთ რა შენიშვნები ექნებათ და რა პრობლემები აწუხებთ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენი მთავარი მიზანი ამ პრობლემებზე დროული რეაგირებაა“, – აღნიშნა ლევან რაზმაძემ.
ასეთი შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ, ასევე წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ყველა ამ წინადადებას და მოსაზრებას აანალიზებს და მათზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენს.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მიმდინარე წლის, რიგით მეორე შეხვედრა 15 მარტს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები.