LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: როცა ვლაპარაკობთ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ – მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ

179
fot (1)

როცა ვლაპარაკობთ ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციელების თანდასწრებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა დიპლომატებს მოუწოდა, ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ.

„რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა, რომელმაც სხვათა შორის, რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რუსმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურის რაიონში გააუქმოს ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩოხატაურელების და გურულების დაცინვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია წამოიწყო ჩოხატაურში, სადაც ბუკლეტზე ხატია რუსი ოლიგარქი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ასევე ადგილობრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. უკან საინფორმაციო მასალაა, რომ ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერს ასხვისებენ. ამ საინფორმაციოო ბუკლეტებს არიგებდა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩოხატაურში, როცა მიაგზავნეს „ნასედკები“, ესენი არ არიან „ზონდერები“. როცა პოლიციელებთან ერთად ფიზიკურად უსწორდები ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებს, მეტიც გეხმარება. იძალადეს მათ შორის ქალებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე. ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს, ასევე ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს. ჩიგოგიძის მიგზავნილი „ნასედკები“ პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს, ჩემო ძვირფასებო, როცა 12 პუნქტზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ ხალხთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ „თავს არავის დააჩაგვრინებენ“.

„მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ. ცხადია, ჩემს კოლეგებთან ერთად პირადად ვაპირებ, რომ ჩოხატაურში ჩავიდე. მასალას, რომელიც დასარიგებელია, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად დავარიგებ. აბა, მობრძანდით, თუ ბიჭები ხართ. რომ „დაჩმორდით“ მარტვილში და სამტრედიაში, ქვებით რომ მოგვდევდით, აბა თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდით ჩოხატაურში. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ და არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს- ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, თავ-ყბა დაგვიმტვრიონ. აუცილებლად დავიცავთ საკუთარ თავს, როგორც მარტვილში, სამტრედიაში და საგარეჯოში, მერე წკმუტუნით რომ გაიქეცით“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულო თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.

„მე არ ვიმყოფები ჩოხატაურში, რაც კადრებში ვნახე, „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი იქ არ იმყოფებოდა. აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა შელაპარაკება. კადრები ჩანს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც შეესწრო ამ ამბავს და ჩანს, რომ თვითონ არ მონაწილეობს. მაგათ უნდათ, რომ „ოცნებას“ დააბრალონ. „ოცნების“ წევრი და დეპუტატი იქ არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები