“დღეს ის ადგილი დაბომბეს ლვოვში, სადაც ჩვენმა მატარებელმა გაიარა გუშინ. ასეთ ვითარებაში ჩასვლა და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა ყველას მხრიდან და ჩემი კოლეგების, უკლებლივ ყველას გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ დელეგაციაში და მხარდაჭერა ეჩვენებინათ უკრაინისთვის, ნამდვილად დასაფასებელია”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი წერს სოციალურ ქსელში.
ლვოვში, სარაკეტო დარტყმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია
“ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თითქმის სრული საპარლამენტო დელეგაცია ჩავედით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას და ხალხს. სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო ამ გაფუჭებული ურთიერთობის. წინ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ შემობრუნების წერტილი გაჩნდა და ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ენმ-ს საქციელი არაფერში არ ჯდება.
ერთიან ვიზიტში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საკუთარი თავი ყველას მიღმა დააყენეს და ქვეყნის ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე ყველაზე რადიკალ ძალებს და მხარდამჭერებს ასიამოვნეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ეს რადიკალიზმი მათთვის რამდენად ძვირფასი “მონაპოვარია” და რამხელა პოლიტიკურ ეგოზე დგას მათი ეს “შეუპოვრობა”.
რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამ გამარჯვებაში ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, როგორც შეგვიძლია, ესაა დღეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი და არა საკუთარ პარტიებზე ფიქრი”, – წერს ლევან იოსელიანი.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ლვოვში რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამი დარტყმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ერთი კი ავტოსახელოსნოზე.
ვიდეო: „არ შეგეშინდეს… გამოვასწარით“ – ლვოვის რკინიგზის დაბომბვას „კურიერის“ გადამღები ჯგუფი შეესწრო
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.