LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა

113
ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვეა, რაც თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე ინტენსიურად მუშაობს. შესაბამისი კვლევები აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩატარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაზიანში სამხედრო აეროპორტი მდებარეობს, კვლევები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყების მოსაზრებები ასახულია გადაწყვეტილებაში და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით არანაირი კითხვები არ არსებობს.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია და მისი სრული ორი ფაზა 1 მლრდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება – 0.2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი ახალი სტიმული იქნება თბილისის და ზოგადად ურბანული და სივრცითი განვითარებისთვის, დედაქალაქსა და რუსთავს შორის დაკავშირებადობის კუთხით. პროექტი მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის მოსახლეობისთვის დასაქმების თვალსაზრისითაც – სხვადასხვა სექტორში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

რაც შეეხება პროექტის ვადებს, მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანავიგაციო კვლევები მიმდინარეობს, რომლებიც გასულ წელს დაიწყო და უახლოეს ხანებში დასრულდება. ამის შემდეგ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კონფიგურაცია განისაზღვრება, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, თუ როგორი იქნება აეროპორტის განვითარების შემდგომი  გეგმა, ანუ მასტერპლანი.

„ჩვენი ამოცანაა, 2025 წლის ბოლოს, როგორც პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, გვქონდეს სრულყოფილი, დეტალური გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, ამას 3 წელი დასჭირდება და 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ პირველი ფრენები განხორციელდეს და აეროპორტი სრულად დაიტვირთოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა აეროპორტის მართვასთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა. მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მთავრობას მსოფლიოში გავრცელებული ყველა მოდელის ანალიზი შესთავაზა.

„მართვასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები არსებობს, რამდენიმე ოფცია ცალსახად უპირატესია ჩვენს პირობებში – სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლს და მფლობელობას აეროპორტზე და შემოჰყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალურად და ეფექტიანად მართვის გამოცდილება აქვს. აქაც, რა თქმა უნდა, განისაზღვრება შესაბამისი ეფექტიანობის ინდიკატორები იმისთვის, რომ მფლობელს და ოპერატორს სწორი მოტივაცია ჰქონდეს და აეროპორტი ეფექტიანობაზე და მოგებაზე იყოს ორიენტირებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები