პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა ლევან დავითაშვილის სიტყვით გაიხსნა, სადაც მან CAREC-ის ქვეყნების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციების შექმნა-განვითარების პროცესში ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„იზრდება რა რეგიონი და შესაბამისი ეკონომიკები, კაპიტალის გადანაწილება ქვეყნის თუ რეგიონის დონეზე ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება. ფინანსურ ტექნოლოგიას კატალიზატორი როლი აქვს ამ ტენდენციების გაძლიერებაში, ვინაიდან სახეზეა გაზრდილი მოთხოვნა და კაპიტალის მობილიზების საჭიროება. ფინანსურ ტექნოლოგიას შეუძლია აამაღლოს და დააყენოს ჩვენი რეგიონალური ეკონომიკა უფრო მდგრად გზაზე და ჩვენ, მთავრობებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ძალისხმევას. რეგიონული თანამშრომლობა, სადაც მძლავრობს ფინანსური ტექნოლოგიები, განცალკევებული ამოცანა არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში, 21–22 თებერვალს გაგრძელდება. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა მასში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და საფინანსო-საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლები.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღესდღეობით არსებული ფინანსური ტექნოლოგიები, ინოვაციები თუ თანამედროვე აპლიკაციები მნიშვნელოვნად ამარტივებს საფინანსო ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის. შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი, როგორც რეალური ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტების გამოყენება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც IT სექტორის განვითარების გარდა საფინანსო პროგრამებზე წვდომასაც უზრუნველყოფს. ლევან დავითაშვილმა ამ კუთხით საქართველოს საფინანსო სექტორის საქმიანობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ველით, რომ Fintech პროდუქტები გაზრდის კონკურენტუნარიანობას რეალურ ეკონომიკაში და დააახლოებს საცალო კლიენტებს ბიზნესთან. სარგებელი ამ სფეროებში ძალიან დიდია და საქართველოს, არის რა ის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა (და SEPA-ის ქვეყანა იგივე ნიშნით), ხელს უწყობს მისი უნიკალური მდებარეობა, იყოს ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვითანამშრომლებთ და წინ რა გზით წავალთ“, – განაცხადა მინისტრმა.