საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის რამდენიმე თვით აკრძალვა დროებითია და სანიტარული ღონისძიებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მან ზუგდიდში, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„პირველ რიგში, არის სანიტარული ღონისძიება, რომელიც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან არის შესაბამისი. ეს უკავშირდება თესვის სეზონს. ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს მნიშვნელოვანი დაავადებები, რომლებიც შეიძლება იყოს დამაზიანებელი. ეს არის დროებითი ზომა ფერმერების დასაცავად. საკმარისი კარტოფილი მივიღეთ შარშან და წელს, საქართველოში წარმოება იზრდება. არ შეგვიზღუდავს იმპორტი, ბაზარი თავისუფალია, რაც დაარეგულირებს ბაზარს და მოსახლეობას არ ექნება შეშფოთების საფუძველი. ეს არ არის პროტექციისთვის გადადგმული დროებითი შეზღუდვა, ეს არის მცენარეთა დაცვა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა.