იმის დაჯერება, რომ მმართველ პარტიას არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, პარტიის მიერ კანდიდატის დასახელებაზე ან არ დასახელებაზე გადაწყვეტილებას თავად პარტია მიიღებს. “იმის დაჯერება, რომ მმართველ პარტიას არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონკურენტულ ბრძოლაში მიაღწიოს წარმატებას. მმართველ პარტიას, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ძირითად პოლიტიკურ ძალას, ჰყავს ძალიან ბევრი ისეთი კანდიდატი, რომელიც შეიძლება დასახელებული იყოს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ დაასახელებს თუ არა პარტია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც პარტია მიიღებს და უახლოეს ხანში ამის შესახებ მოსახლეობას ეცოდინება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.