სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ გაიხსნა სხვა სავაჭრო ობიექტები და არ გაიხსნა ღია ტიპის ბაზრობები.
„ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება. გვესმის, რომ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, მოლებში მეტადაა შესაძლებელი რიგების კონტროლი, წესრიგის და სანიტარიული ნორმების დაცვა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოლებს განესაზღვრათ. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესები დაირღვა, პრემიერის მიერ მყისიერი რეაგირება დაევალა შრომის ინსპექციას.
„მეორე დახმარების პაკეტით ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ. გვესმის, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკურად ვაზიანებთ, მაგრამ შეზღუდვების გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, დღეიდან, 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ღია ტიპის ბაზრობებს ფუნქციონირება კვლავ აკრძალული აქვთ.