“ლექSOSთვის” – ამ ჰეშთეგის ირგვლივ დღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები გაერთიანდნენ და “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
სხვადასხვაგვარი იყო გამოხატვის ფორმა – ოპერატორის სახლთან მიტანილი 5 ივლისს დაზიანებული ტექნიკა, რადიოსექტორის სოლიდარობა და ერთი წუთით შეწყვეტილი მაუწყებლობა, კოლეგის პატივსაცემად მოწყობილი ოპერატორების კორდონი, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის შეჩერება ჟურნალისტების მიერ და ტრიბუნასთან დატოვებული ლექსო ლაშქარავას ფოტოები…
მთელი დღის განმავლობაში, სოლიდარობის აქციებს უერთდებიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები რეგიონებიდან
➤ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ზუგდიდში.
ქალაქის ცენტრში შეკრებილმა ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს, მდუმარე აქციით დაგმეს ძალადობა და დამნაშავეების სათანადო დასჯა მოითხოვეს.
➤ ლოზუნგებით “ლექSOSთვის”, “დაისაჯონ დამნაშავეები” აქცია გაიმართა ბათუმშიც.
მედიის წარმომადგენლებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტორეპორტიორებზე განხორციელებული ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმეს და თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვეს.
➤ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნას მედიის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ქუთაისშიც. ჟურნალისტები და ოპერატორები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და კოლეგა, ყვავილებით გააცილეს. მდუმარე აქციის შემდეგ, ჟურნალისტებმა ხელისუფლებას ყველა დამნაშავის მკაცრად დასჯისკენ მოუწოდეს.