რა არის წარმატების განმსაზღვრელი – იღბალი თუ დაუღალავი შრომა, რა პრობლემებთან შეჯახება არის ყველაზე რთული და რა ასწავლა მიღებულმა გამოცდილებამ, ამაზე ლექს-სენი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.
კარიერას გადავხედოთ და ვთქვათ, რამდენად იღბლიან ადამიანად მიგაჩნიათ საკუთარი თავი?
ალბათ, ეგეც არის. მარტო შენი შრომა და წვალება ვერ მოგიტანს შედეგს, თუ იღბალიც არ დაგყვა და ღმერთმა არ გადმოგხედა. თუ იშრომებ, მერე იღბალიც მოდის, მე ასე მგონია. თუმცა, ზოგს ძალიან კარგი იღბალი აქვს და შრომაც არ სჭირდება, ისე ეძლევა ყველაფერი. ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო, ესეც გაგვიგია და როგორც წესი, იმასაც, რასაც უშრომლად ვიღებთ, ეს ბედი ეწევა ხოლმე. ვისთვის – როგორ. ჩემს შემთხვევაში, ძირითადად, ჩემი შრომითა და წვალებით მოვიდა ყველაფერი. ამას დაემატა ხალხის ნებაც. დამფასებელი თუ არ გყავს, იშრომე და იწვალე, რამდენიც გინდა. ხალხს რომ უყვარხარ, მაშინ აქვს ყველაფერს აზრი.
წარუმატებელი ნაბიჯები არ ყოფილა?
სხვა სფეროში – კი. ჩემს სფეროშიც შეიძლება, ავიღოთ კონკრეტული სიმღერა, რომელზედაც ბევრი მიშრომია, მაგრამ არ გამოსულა ისეთი, როგორიც მინდოდა. ეგ სხვა რამეა, ჩვეულებრივი ამბავია და მუშაობის ნაწილი, მაგრამ ჩემს სფეროში, ძირითადად, ყველაფერი გამომდის, ეს ჩემი საქმეა და ვიცი. რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს, იქ შეიძლება იყო წარუმატებლობები. მაგალითად, ავიღოთ ბიზნესი. ვცადე, არ გამოვიდა, ჩამივარდა. შეიძლება, სხვაგან წასვლაზე მიფიქრია, მაგრამ იქ რაღაც არ აეწყო. წარსულში სხვა პროფესიაზეც მიფიქრია და, მაგალითად, მათემატიკოსი არ დადგა ჩემგან.
ოჯახისთვის უფრო მეტად შრომობთ თუ კარიერისთვის?
ორივესთვის – თანაბრად. ჩემთვის ჩემი ოჯახი მთავარია. თუმცა, ოჯახი კარიერაზეა დამოკიდებული. თუ კარიერა არ იქნება წარმატებული და შემოსავლიანი, მაშინ ოჯახშიც სიდუხჭირე იქნება. მგონია, რომ ეს მომენტი დაბალანსებული მაქვს, ვცდილობ, არც ოჯახს მოვაკლო ყურადღება და არც კარიერას.