LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები უკვე საქართველოშია!

887

ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ბრამანტინოს, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები უკვე საქართველოშია.

დღეს, ეროვნულ გალერეაში, სპეციალურად ჟურნალისტებისათვის პრეს-ტური მოეწყობა, რომელსაც გაუძღვებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის დირექტორი ჯოვანი საკანი, კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზის“ დირექტორი ვიტორიო ფაუსტინი, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) დირექტორი ოლივია ფორტინი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დღესვე, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა ოფიციალურად გაიხსენბა.

გამოფენილია შემდეგი ნამუშევრები: „ტიციანი – ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით“ – ნამუშევარი ,,მადონა ალბერტინი” ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. სურათი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის გამოფენა. ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

„Evidence. A New State of Art” – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენაზე წარმოდგენილი 18 იტალიელი მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა მედიაში – ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია, თანამედროვე იტალიური ხელოვნების ჭრელი და მრავალსახოვანი სამყაროს სურათს ქმნის.

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ეძღვნებას.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენები იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.