LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს“ დეპუტატები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ

61
ლელო

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუერთდეს“, – ამის შესახებ „ლელოს“ წერილშია აღნიშნული, რომლითაც საპარლამენტო ლიდერებმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს წერილით მიმართეს.

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველო ეტაპობრივად უნდა შეუერთდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების პოლიტიკას, რაც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესშია. მათივე ცნობით, ამჟამად განიხილავენ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირების შესაძლებლობას.

წერილის ავტორები არიან, პარლამენტის წევრები „ლელოდან“: ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე.

„უპირველეს ყოვლისა, ნება მოგვეცით გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა თქვენი გმირი ერის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში.

ქართველი ხალხი და ჩვენ, როგორც მათი წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიებიდან საქართველოს პარლამენტში, ვამაყობთ თქვენი ხალხის შეუპოვრობით, რომლითაც იცავთ თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო მართლწესრიგს. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა ომის დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის მიხედვით მიეცენ პასუხისგებაში. ბევრი ქართველი მოხალისედ წამოვიდა უკრაინელი ხალხის გვერდით საბრძოლველად, დახმარების შეგროვების უზარმაზარი ძალისხმევა წამოიწყო როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე მოქალაქეთა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის, როგორც პარლამენტის წევრებისთვის, თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციის დიდი შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც დღეს განსხვავდება როგორც ქართველი ხალხის ნებასა და განწყობილებისგან, ასევე ჩვენი პოზიციისგან. ომის დაწყებისთანავე, ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა. მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციის ინიციატივას ბოიკოტი გამოუცხადა, პრეზიდენტის მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები არ გამოცხადდნენ და სხდომა ვერ შედგა. ანალოგიურად, პარლამენტის თავმჯდომარემ იგნორირება გაუკეთა ჩვენს მოთხოვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოგვეწვია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იგორ დოლგოვი.

ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუერთდეს. მიგვაჩნია, რომ საქართველო ეტაპობრივად უნდა შეუერთდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების პოლიტიკას, რაც ჩვენი ორივე ქვეყნის საერთო ინტერესშია. ამჟამად განვიხილავთ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირების შესაძლებლობას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე უკრაინის ინტერესების დასაცავად. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა, თქვენი მარცხი ჩვენი დანაკარგია და თქვენი გამარჯვება იქნება ჩვენი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ“,- აღნიშნულია წერილში.