ფრანგულმა კომპანია Bugatti-მ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე თიზერი გამოაქვეყნა, სადაც მიანიშნებს, რომ მალე Lego Technic-ის ბრენდირებული ნაკრების პრემიერა შედგება. ენთუზიაზისტები და ბრენდის თაყვანისმცემლები ლეგენდარული დანიური კონსტრუქტორისგან ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის აწყობას შეძლებენ. სავარაუდოდ, პრემიერა რამდენიმე კვირაში შედგება.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ბოლო საავტომობილო პროექტი Lego Technic-ის ხაზში სპორტქარი Porsche 911 GT3 RS გახდა, რომელიც 2 704 ელემენტისგან შედგება და 299 დოლარი ღირს. Lego-ში ირწმუნებიან, რომ ავტომობილის აწყობას 6 საათი სჭირდება.
სავარაუდოდ, Bugatti Chiron Lego გაბარიტებით Porsche 911 GT3 RS-ის მსგავსი იქნება, რომლის სიგრძეც 55 სანტიმეტრია, სიგანე კი 20 სმ. ინსაიდერები ამბობენ, რომ მოდელის ღირებულება 350 დოლარზე მეტი არ იქნება.