საკონდიტრო კომპანია „ლე გატო“, რომელმაც უარი თქვა „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის აღსრულებაზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯარიმას სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე არ გადაიხდიან.
კომპანიის დირექტორის მანანა ანჯაფარიძის თქმით, აღნიშნული ჯარიმის გამო, გადაწყდა, რომ „ლე გატო“ დარბაზებში სტუმრებს აღარ მიიღებს და მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს.
მანანა ანჯაფარიძის განცხადებით, კომპანია ჯარიმას გაასაჩივრებს, როგორც საკონსტიტუციო, ისე – საქალაქო სასამართლოში.
„გავასაჩივრებთ ჯარიმას და სარჩელს შევიტანთ როგორც საკონსტიტუციო, ისე – საქალაქო სასამართლოში. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო, იმის მიხედვით მოვიქცევით. ეს არის ჩვენი პროტესტი.
ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ სტუმრებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა დისკრიმინაციულია. მიგვაჩნია, რომ ეს არის არაჰუმანური და არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებების დამრღვევი. ამიტომ გადავწყვიტეთ დარბაზები დროებით დავხუროთ და შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. საჩივარს შევიტანთ პარალელურად, როგორც საკონსტიტუციო, ისე – საქალაქო სასამართლოებში“, – აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში 3 ფილიალი აქვს.
შეგახსენებთ, საქართველოში 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია მოქმედებს. „ლეგატო“ მიდგომას აპროტესტებდა და რეგულაციის ამოქმედების პირველივე დღიდან, სტუმრებს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის გარეშე იღებს. შრომის ინსპექციამ კომპანია სამჯერ გააფრთხილა.