სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ვალკას მერს, ვენტს არმანდს კრაუკლისს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიაში ქართული წარმოების ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ღვინის, და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობების ზრდის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების არსებობის პირობებში საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის, აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრმა ქალაქ ვალკას მერს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა.
როგორც ქალაქ ვალკას მერმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.