სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.
გამოკითხული ჟურნალისტების ხმების რაოდენობის მიხედვით, საუკეთესო სამეულში მოხვდნენ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს კალათბურთელა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის” ცენტრი ზაზა ფაჩულია.
გამარჯვებულები სულ 4 ნომინაციაში გამოვლინდნენ, საუკეთესო სპორტსმენისა და მწვრთნელის გარდა, დასახელდა საუკეთესო ნაკრები გუნდი – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები და საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიას ოლიმპიური კომიტეტის, თბილისის მერიის, ასევე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით, წლის საუკეთესო სპორტსმენი 1964 წლიდან სახელდება, წელს სპეციალურ გამოკითხვაში რეკორდულად ბევრი, 85 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას 2016 წლის სექტემბრიდან მიხეილ აბაიშვილი ხელმძღვანელობს.