ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ ფეხბურთის ყურება მან ხვიჩა კვარაცხელიას გამო დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ტალახაძემ „TST სპორტთან“ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
„აქამდე არ მქონია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება გამომეხატა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, მისალოცი მესიჯებით ვურთიერთობთ ხოლმე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კვლავ კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება… თან არა მარტო მე, ძალიან ბევრ სხვა ადამიანსაც. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავისი სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.
მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. მის გამოჩენამდე არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს მიგულშემატკივრია, საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც „ნაპოლის“ თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ. მინდა, წარმატება ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატება ელის. ის თავისი შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. მუდამ მესმის ლაპარაკი: „ნახე, ხვიჩამ რა მაგრად ითამაშა“… უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ჩვენს მოსახლეობას ახარებს და აერთიანებს…“ – ამბობს ლაშა ტალახაძე.